81 სტიქიით დაზარალებულს წელს მერია მიწის გადასახადს გადაუხდის
ერია წელს  სტიქიით დაზარალებულ  81 მარნეულელს მიწის გადასახადს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაცია 15 ნოემბერს გამართულ  საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ თქვა, მიწის გადასახადს ის მოქალაქეებს აუნაზღაურებენ, ვისაც ივლისის თვეში მარნეულში მომხდარმა სტიქიამ მოსავლის 50%-ზე მეტი  დაუზიანა.



„სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის გამო, კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩვენი მხრიდან ცნობის გაცემას, რომ ნამდვილად სტიქიის გამო მიადგათ ეს ზიანი. ჯამში 46 000 ლარს შეადგენს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაღებული თანხა. სტიქიის დროს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც ეს საკითხი შეისწავლეს, იქ იყო უფრო მეტი ადამიანი, ვისაც ჰქონდა სურვილი,  რომ მიწის გადასახადისგან გათავისუფლებულიყო, მაგრამ კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ დაზიანების ხარისხი 50-ზე მეტი უნდა იყოს“ - თქვა ლაშა ლობჯანიძემ და აღნიშნა, რომ დახმარების ეს ფორმა 2019 წელზე ვრცელდება.

ძლიერმა სტიქიამ ივლისში მარნეულის სოფლები ხიხანი, შაუმიანი, იმირი, წითელსოფელი და  საიმერლო  მნიშვნელოვნად დააზარალა. სეტყვამ სახლის სახურავები  დააზიანა და მოსავლის უმეტესი ნაწილი გაანადგურა. აღმოჩნდა, რომ მარნეულის მასშტაბით მხოლოდ ერთადერთ ფერმერს ჰქონდა საკუთარი მოსავალი დაზღვეული.  

წითელსოფელი

მუნიციპალიტეტში  12 ივლისს შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, რომლის ერთ-ერთი  წევრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი  პავლე სივსივაძე იყო. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, მოსავლის დაზღვევა ერთგვარ ჩვევად უნდა იყოს ქცეული, თუმცა მარნეულში სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ.

„სოფლის მეურნეობა დაზღვევის გარეშე არ არსებობს. დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში სხვანაირი სიტუაციაა, ძირითადად მიწის ნაკვეთები არის დაურეგისტრირებელი და ამიტომ, დაზღვევას ვერ გააკეთებ თუ არ არის რეგისტრურებული მიწის ნაკვეთი , ან უნდა იყოს მრავალწლიანი ქირით გაცემული.  უნდა ვეცადოთ, რომ პირველ რიგში რეგისტრაცია გავაკეთოთ მერე კი უნდა დავიყვანოთ ფერმერებამდე ის საკითხი, რომ სოფლის მეურნეობაში დაზღვევის გარეშე არ შეიძლება მოსავლის მიღება. მერიას არ აქვს იმის უფლება, რომ სხვა ანაზღაურება გაუკეთოს მათ (სტიქიით დაზარალებულებს) გარდა იმისა, რომ მოხსნას მიწის გადასახადი.  ეს არის მიზერული თანხა, ჰექტარზე დაახლოებით 100 ლარია და როცა ჰექტრობით ზარალს მიიღებ, ეს არის მიზერული თანხა“. - ამბობს პავლე სივსივაძე

დღევანდელი საკრებულოს სხდომა რიგგარეშე იყო, სადაც დღის წესრიით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს. აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები