,,მე ვირჩევ თანასწორობას“ - კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს
ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის ,,მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში დღეს,  18 ნოემბერს, მარნეულის N5 საჯარო სკოლაში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაატარეს. პროკურორებმა დამსწრეებს  გააცნეს ტოლერანტობის მნიშვნელობა და ისაუბრეს იმ  სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რაც დისკრიმინაციის საკითხს უკავშირდება. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის რაიონულმა პროკურორმა მურად მნათობიშვილმა თქვა, თანასწორობის კვირეული 15 ნოემბერს დაიწყო და 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა და მიწოდება იმ ინფორმაციის , იმ სამართლებრივი მექანიზმების შესახებ , რაც უკავშირდება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს პროკურატურა მხარს უჭერს და უერთდება აღნიშნულ კამპანიას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პროკურატურისათვის პრიორიტეტულია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“,- თქვა მურად მნათობიშვილმა

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია საინფორმაციო ღონისძიებები, სადაც ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ თანასწორობის მნიშვნელობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანია არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.


Print