მარნეულის 470 აღსაზრდელი, ელექტროენერგიის არქონის გამო, დღეს ბაღში ვერ წავიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის N3 საბავშვო ბაღ „ჩიორაში“ დღეს, 470 აღსაზრდელი ელექტრო ენერგიის არქონის გამო ვერ წავიდა. მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის ზაურ ქარამოვის თქმით, ის, რომ ელექტროენერგიის პრობლემა ბაღს 29 ნოემბერს შეექმნებოდა, ამის შესახებ შეტყობინება გუშინ, 28 ნოემბერს მიიღეს და მშობლები წინასწარ გააფრთხილეს, რომ სააღმზრდელო პროცესი არ ჩატარდებოდა. ბაღში წყლის რესურსი ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.

„ყველაფერი შუქზე მუშაობს. აღსაზრდელები ვერ ისარგებლებდნენ საპირფარეშოებით და გათბობით. გუშინ ვიცოდით, რომ არ იქნებოდა სინათლე 11 საათიდან 6 საათამდე. დღეს 10 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ სინათლე მხოლოდ ორი საათი არ იქნებოდა, შემდეგ კი ჩართავდნენ, მაგრამ უკვე გაფრთხილებულები იყვნენ მშობლები და გვიანი იყო“. - თქვა ზაურ ქარამოვმა

ამავე ბაღის გამგე ქეთევან მინაძე აცხადებს რომ, ბაღის ადმინისტრაცია საბავშვო ბაში რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც იმყოფებოდა და თავიანთი საქმე გააკეთეს.

„ახლახან დავიშალეთ, ჩვენი საქმე გავაკეთეთ, სანიტარულ დღეს გამოვაცხადეთ. პროდუქტის მიღებაც იყო და ისიც მივიღეთ. ბაღს სარდაფში აქვს ავზები და ძრავით მოგვეწოდება წყალი. სინათლის არქონის გამო, საპირფარეშოთი ვერ ისარგებლებდნენ ბავშვები. თან დღეს ისეთი დატვირთული მენიუ გვქონდა, წყლის გარეშე საჭმელს ვერ გავაკეთებდით. ჩვენთან, როდესაც შუქი 1 საათი არ არის, კანალიზაცია იჭედება“, - თქვა ქეთევან მინაძემ

საბავშვო ბაღს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით.  სავარაუდოდ, ერთ-ერთი ალტერნატიული გზა გენერატორის ჩართვა იქნებოდა, თუმცა ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ გენერატორი მარნეულის არცერთ ბაღს არ აქვს.


Print