მარნეულელი პარლამენტარები რომლებსაც 3 წლის განმავლობაში სხდომაზე ხმა არ ამოუღიათ
მოქმედი პარლამენტის 16 დეპუტატს შორის, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ, ორი მარნეულელი დეპუტატია. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge საქართველოს პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსლან გაჯიევი და მახირ დარზიევი 2016 წლიდან დღემდე პარლამენტში არცერთ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულან, მათ კითხვებიც არასოდეს დაუსვამთ და კანონპროექტებთან დაკავშირებით შენიშვნებიც კი არ გამოუთქვამთ. რუსლან გაჯიევი საქართველოს პარლამენტის წევრი მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატის სტატუსით გახდა, ხოლო მახირ დარზიევი პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით, პროპორციული სისტემით, შევიდა. რუსლან გაჯიევი და მახირ დარზიევი რადიო „მარნეულის“ ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

კიდევ ერთ მარნეულელ მაჟორიტარს თამაზ ნავერიანს 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აქვს კითხვა დასმული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ნავერიანი იხსენებს, რომ მისი კითხვა ჰესების მშენებლობას შეეხებოდა.

„მე რომ გამოვედი მაშინ, გამოვედი ჰესებთან დაკავშირებით. მახსოვს, რომ ჰესებთან დაკავშირებით იყო მთელ საქართველოში მთელი ამბები ატეხილი და მაშინ მინისტრი გამოდიოდა მაშინდელი, დავითაშვილი სიტყვით და წარმოგვიდგინა იმან ხედვები ამ მიმართულებით და მე ჩემი აზრი დავაფიქსირე და კითხვაც დავუსვი“ - განაცხადა თამაზ ნავერიანმა

მარნულის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტის სხდომებზე სიტყვით გამოსვლის რაოდენობა პარლამენტარების მუშაობას არ განსაზღვრავს. მისი თქმით, მის მაჟორიტარულ ოლქში ისეთი პროექტების განხორციელებას შეუწყო ხელი, როგორიცაა 24 საათიანი სასმელი წყლის პროექტი და მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა.

კიდევ ერთი მარნეულელი პარლამენტარი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი 2016 წლიდან დღემდე პარლამენტში სიტყვით სამჯერ გამოვიდა.

რადიო „მარნეული“

Print