მარნეულის მერიამ 150 სკამის შეძენა პირველ ცდაზე ვერ შეძლო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკონფერენციო დარბაზის სკამების შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა. პირველ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „ფილა 2010“ მიიღო, რომელმაც მერიას 150 საოფისე სკამის შეძენა, 5 520 ლარში შესთავაზა. როგორც მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ამბობს, პრეტენდენტის დაწუნება სკამის არასათანადო ნიმუშის წარმოდგენამ გამოიწვია.

„ჩვენ, როდესაც ტენდერი გამოვაცხადეთ იქ ჩავდეთ პირობა რომ უნდა წარმოედგინა (კომპანიას) ნიმუში. ნიმუში როდესაც ვნახეთ დავიწუნეთ იმის გამო, რომ ის არ იყო შესაბამისი ჩვენს პირობებთან. ამიტომ დასრულდა უარყოოფითი შედეგით“, - თქვა ლაშა ლობჯანიძემ

ახალი ტენდერის თანხა პირვანდელის მსგავსია 5 720 ლარად, მერია 150 საოფისე სკამის შეძენას გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სკამი შავი ან ნაცრისფერი უნდა იყოს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზისთვის 150 სკამის შესყიდვის ტენდერი 4 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 10 -დან 12 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ 150 სკამი მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა გადასცეს.


Print