მარნეულის მერიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვია.

მერიას რადიო „მარნეულის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ჯერ კიდევ არ გაუცია. 14 ნოემბერს, რადიო „მარნეულმა“ მერიიდან მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების 9 თვის ანგარიშები გამოითხოვა. მარნეულის მუნიციპალიტეტმა წერილი 15 ნოემბერს დაარეგისტრირა და შესაბამისად პასუხი 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ანუ 28 ნოემბრამდე უნდა გაეცა.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ინფორმაციისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა ირინე მაჭარაშვილმა დღეს, 5 დეკემბერს, თქვა, მერიას წერილი მზად აქვს, მაგრამ მერის ხელმოწერა აკლია რის გამოც ამ დრომდე ვერ გამოაგზავნეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა და მკვლევარმა მარიამ გაბრიელაშვილმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ საჯარო დაწესებულებამ მოქალაქის ან ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია მაქსიმუმ 10 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.

„რეალურად, კანონმდებლობით ისეა განსაზღვრული, რომ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს დაუყოვნებლივ. 10 სამუშაო დღის ვადას ჩვენი ადმინისტრაციული ორგანოები ვფიქრობ, რომ იყენებენ საკმაოდ ბოროტად იმიტომ, რომ იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შეუძლიათ მოიძიონ ხუთ დღეში, სამ დღეში ან იმდღესვე, რეალურად წელავენ და 10 სამუშაო დღეს იყენებენ ყველა შემთხვევაში“ - გაბრიელაშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე, არ შეუძლია პასუხის 10 დღეში გაცემა, მაშინ მერიამ საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ პირს უნდა მიმართოს და უთხრას, რომ შესაბამის ინფორმაციას ადმინისტრაციულ ორგანოშივე გაეცნოს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიას რადიო „მარნეულის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მოწოდება დაუყოვნებლივ შეეძლო, რადგან მუნიციპალურმა ა.ა.ი.პ-ებმა და შ.პ.ს-ებმა 9 თვის ანგარიშები უკვე წარადგინეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები