„ვინც დამატებით 20 ლარს იხდის მათ სახლში ბუნებრივ აირს მალევე გაიყვანენ“ - აცხადებენ კირაჩ მუღანლოელები
სოფელი კირაჩ მუღანლოს მოსახლეობის თქმით, სახლში ბუნებრივი აირის გაყვანისათვის „სოკარ გაზის“ ანგარიშზე 400 ლარი შეიტანეს. ამის მიუხედავად, მათ გაზის გაყვანისთვის მოსული მუშებსათვის დამატებით 20 ლარის გადახდაც უწევთ. მაცხოვრებლები კვირაობით ელოდებიან როდის მოვა მათი რიგი, 20 ლარის გადახდის შემთხვევაში კი ლოდინი სულ რამდენიმე დღით უწევთ.

„წარმოგიდგენიათ, ყველაზე პირველი ვინც ჩაეწერა რიგში ელოდება, რომ 20 ლარი ვინც გადაიხადა მისი გაზი გაიყვანონ და შემდეგ მივიდნონ და იქაც გაიყვანონ გაზი. მე ვფიქრობ, რომ ეს მუშების მიერაა მოგონილი და სოკარმა ამაზე არაფერი არ იცის“ - ამბობენ კირაჩ მუღანლოელები

ერთ-ერთი კირაჩ მუღანლოელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მუშებს 20 ლარი გადაუხადა რის გამოც მის სახლში ბუნებრივი აირი დროულად შეიყვანეს. იგი აცხადებს, რომ თუ ადამიანმა კარგი საქმე გააკეთა ფულის მიცემა წესია და აქ ცუდი არაფერია.

როგორც რადიო „მარნეულს“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, კომპანია მოქალაქეებისაგან გაზის შეყვანის დამატებით გადასახადს არ იღებს. კომპანიაში რეგისტრაციის გავლისას აბონენტი ერთჯერადად იხდის თანხას, რის შემდეგაც 40 სამუშაო დღის განმავლობაში „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები ადგილზე უნდა მივიდნონ და აბონენტამდე გაზი შეიყვანონ. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაზის შეყვანა 40 სამუშაო დღეს გადასცდა, აბონენტს განახევრებული თანხის გადახდა მოუწევს.

რადიო „მარნეული“
Print