ქვემო ქართლის მთავარი გამოწვევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობაა - ეკატერინე სხილაძე
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მარნეულის მერიაში შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე, რომელსაც ქვემო ქართლის ხუთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ძირითადად ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ თქვა, სახალხო დამცველისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანია უწყებებამდე იმ პრობლემების მიტანა რასაც საზოგადოებაში ქალები აწყდებიან.

„ვისაუბრეთ როგორც ოჯახში ძალადობაზე, ასევე ვისაუბრეთ იმ ქალების საჭიროებებზე რომლებსაც განსხვავებული საჭიროებები აქვთ, როგორიცაა მარტოხელა და მრავალშვილიანი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და სხვა. ასევე, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ რა უნდა დახვეწოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ და რა ტიპის ღონისძიებები უნდა განახორციელონ იმისათვის, რომ ქალების ხმა უფრო აქტიურად ისმოდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში“ - თქვა ეკატერინე სხილაძემ

სახალხო დამცველის მოადგილემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ქვემო ქართლში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, მთავარ გამოწვევად რჩება ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არსებული და დამკვიდრებული სტერეოტიპები.

შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მარნეულის ქუჩებში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს, რის შემდეგაც ახალგაზრდებთან გამართეს შეხვედრა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები