ზაურ დარგალი არ ეთანხმება იმამკულიევის მოსაზრებას, რომ ორენოვანი პრეზენტაცია მისი გამოქვეყნებული პოსტის შედეგია
"კრიტიკის შედეგი ხალხის სიძლიერეა! 2019 წლის 20 დეკემბერს, ბატონმა ზაურ დარგალმა განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, მხოლოდ ქართულ ენაზე წარადგინა. მე ამის გამო ჩემ ფეისბუქ პოსტში გავაკრიტიკე, რომ წარდგენა აზერბაიჯანულადაც უნდა ყოფილიყო. ერთი თვეც არ გასულა, ბატონმა ზაურმა 17 იანვარს, სოციალური პროგრამები ქართულად და აზერბაიჯანულ ენაზე წარადგინა - ესეც კრიტიკის შედეგი!“ - ეს ფეისბუქ პოსტია, რომელიც ახმედ იმამყულიევმა 18 იანვარს გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ორენოვანი გამოსვლა სოციალური პროგრამის წარდგენისას, გარკვეულწილად მისი დამსახურებაც იყო.



„არა მარტო მე, არამედ, ჩვენს მარნეულელებსაც ჰქონდათ პრეტენზია, რომ რატომ საუბრობდა მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ბატონი ზაური, როცა გულისხმოს მოსახლეობასთან რაიმე ინფორმაციის მიწოდებას და როდესაც ვიცით, რომ მარნეულში მცხოვრებმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა დაახლოებით 90%-მა არ იცის, სახელმწიფო ენა. მე მოსახლეობის მიერ ვარ არჩეული და მე მაქვს პასუხისმგებლობა ამ ხალხის წინაშე, რომ მათი სურვილი და შეკითხვები გადავცე (ადგილობრივ თვითმმართველობას) აქედან გამომდინარე, გადავეცი მათი სათქმელი ბატონ ზაურს“ - თქვა ახმედ იმამყულიევმა.

ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ სოციალური პროგრამის წარდგენა ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე საკუთარი ინიციატივით მოხდა, რაც შეეხება 2019 წელს, მუნიციპალიტეტის განხორციელებულ ანგარიშის წარდგენას, ზაურ დარგალი ამბობს, რომ თარგმნის უზრუნველყოფა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა.

„ყველაფერი, რაც ხდება, ჩემი ინიციატივით ხდება. თქვენ ნახეთ, იმის გარდა, რომ თარგმანი ორენოვანი იყო, ჟესტური ენის თარჯიმანიც გვყავდა. ვინაიდან, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ორივე ენაზე მეთვითონ მესაუბრა. რაც შეეხება 2019 წლის ანგარიშის წარდგენას, თარჯიმანი გათვალისწინებული იყო, თუმცა ტექნიკურად რაღაც არ გამოვიდა, მაგრამ ვიდეორგოლი გვქოდა ორენოვანი, რომელიც ფართომასშტაბზე გავავრცელეთ“, - თქვა ზაურ დარგალმა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას თარგმანის არარსებობის გამო, უკმაყოფილება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც გამოხატეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები