12 წლის ბავშვის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგაც ექსპერტიზის პასუხები უცნობია

ორი წლის წინ, გლანდების ოპერაციის შემდეგ, 12 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზას ჯერ კიდევ არ დაუდგენია.

ამის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილის მამამ რუზგარ ჰურიანოვმა რადიო „მარნეულს“ მიაწოდა. მისი თქმით, ოპერაციამდე გამოკვლევები ბავშვმა მარნეულის სამედიცინო ცენტრ შპს „ადიკა“-ში გაიარა, 2017 წლის 30 ნოემბერს კი ოპერაცია გაუკეთდა. ოპერაციის დროს გული ორჯერ გეუჩერდა და შემდეგ კომაში ჩავარდა.

ჰურიანოვის თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვი მარნეულის საავადმყოფოში განაგრძობდა მკურნალობას, მათი დაჟინებული თხოვნის შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ავადმყოფის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და 2018 წლის 9 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჰურიანოვმა ისიც აღნიშნა, რომ ბავშვს სხვა არანაირი დაავადება არ ჰქონია.

„12-ის ნახევარი იყო როცა წაიყვანეს გლანდების ოპერაციაზე. 15-20 წუთი უნდა გაგრძელებულიყო და გავიდა 1 საათი. გვითხრეს, რომ ბავშვი ჯერ არ გაღვიძებულა ნარკოზიდან, დაელოდეთო. დაველოდეთ, საათ ნახევარი გავიდა, მოვითხოვეთ ბავშვი გვჩვენეთო. 2 საათი გავიდა, მერე ვთქვით რომ გლანდების ოპერაცია 2 საათი არ გაგრძელდებოდა. დაცვა და ექიმებიც გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ არ ინერვიულოთ ბავშვი შეუძლოდ იყო და ახლა უკეთააო. მივედით პალატაში და ვნახეთ, რომ ბავშვის მდგომარეობა გაუარესებულა, სულ გასიებულია და ამ მდგომარეობაში გადასხმას უკეთებენ.“ - ამობს რუზგარ ჰურიანოვი

რუზგარის თქმით, შვილის სიკვდილის შემდეგ ექიმებსაც და კლინიკასაც უჩივლეს. მან ორი წლის განმავლობაში ბევრჯერ მიმართა შესაბამის ორგანოებს და საქმის გამოძიება მოითხოვა, მაგრამ დღემდე არანაირი შედეგი არ არის.

ჰურიანოვი შვილის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს. იგი ამბობს რომ ეკსპერტიზას დღემდე პასუხი არ აქვს და ამის მიზეზი ოპერაციის გამკეთებელი ექიმის და კლინიკის მათთან თანამშრომლობაა.

„ალბათ ამ ექიმებს მათთან კავშირი აქვთ და იმიტომ აკეთებენ ასე, აგვიანებენ. უკვე თვითონაც ვერ ვმუშაობთ, ყოველდღე ვნერვიულობთ როდის იქნება შედეგები, 2 წელი გავიდა“ - გვეუბნება რუსგარ ჰურიანოვი

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა დიმიტრი ნოზაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქმეში რუზგარ გურიანოვი დაზარალებულადაა ცნობილი. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, იურისტი განმარტავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შესაბამის ექიმს ვერ პოულობდნენ, რომელიც ექსპერტიზას ჩაატარებდა.

„ვნახეთ, მოვიძიეთ ექიმი რომელიც ექსპერტიზის ჩატარებისათვის გვაკლდა და ველოდებით რომ თვის ბოლომდე დასკვნაც იქნება“ - გვეუბნება დიმიტრი ნოზაძე

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის დადების შემდგომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

რადიო „მარნეული“


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები