მარნეულის ორ ბაღში სველი წერტილები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოწესრიგდა
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფელ თამარისის და წერეთელის საბავშვო ბაღში, სველი წერტილები მოწესრიგდა. მწყობრიდან გამოუსული ხელსაბანები და უნიტაზები ახალმა, თანამედროვე ტიპის ინვენტარმა ჩაანაცვლა, დამონტაჟდა ხელსაშრობები და ონკანებიდან პირველად, ცხელი წყალიც წამოვიდა. სააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგებს ამ პრობლემებზე საუბარი უკვე წარსულში შეუძლიათ.



ის, რომ უნიტაზები და ხელსაბანები ბავშვების ასაკზე გათვლილი არ იყო, გამოსავლის მოძებნა თავადვე უწევდათ.

„წარმოიდგინეთ, რაღაც შეშის მორები მოგვქონდა, რომელსაც ბავშვებს დაუდგავდნენ ხოლმე და ხან ძიძა ეხმარებოდა ბავშვებს და ხან პედაგოგი და ძალიან ვწვალობდით. ახლა რა შედარებაა, შედარებაც არ შეიძლება. უკვე ძალიან პრაქტიკულია ყველაფერი და ბავშვებსაც უხარიათ“ - ამბობს სოფელ წერეთლის ბაღის გამგე დიანა ჭოხონელიძე

„ზოგი (ბავშვი) ვერ ჯდებოდა უნიტაზზე და მიგვქონდა ქოთნები ამ ქოთნებს კიდევ სხვანაირი მოვლა უნდოდა. მერე მოხვიდოდი და ჭურჭელი უნდა გერეცხა ცივი წყლით, ახლა უკეთესი პირობებია. ჩვენს პატარებს ცხელი წყალი აქვთ და უნიტაზები თავიანთ ზომაზე გათვლილი“ - ამბობს სოფელ თამარისის საბავშვო ბაღის პედაგოგი თამილა გიგაური



აღნიშნული საბავშვო ბაღები საგრანტო კონკურსის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უწყებისა და მუნციპალიტეტთან არსებული “WASH საბჭოს” მიერ დაწერილი პროექტებიდან დაფინანსდა. პროექტს “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“, მარნეულსა და კიდევ ექვს მუნიციპალიტეტში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN ახორციელებს. საბავშვო ბაღები დღეს, 24 იანვარს, მარნეულის ბაგა ბაღების უფროსმა, „WASH საბჭოს” წევრებმა და CENN-ის წარმომადგენელმა მოინახულეს.


„სრულად აღიჭურვა, მოწესრიგდა და გამოიცვალა წყლის სისტემა და მილები ცხელი და ცივი წყლის. ბავშვებისთვის გაკეთდა ადაპრირებული ხელსაბანები, საშრობები და უნიტაზები, რაც მანამდე არ იყო და რთული მდგომარეობა იყო იმ თვალსაზრისით, რომ სათითაოდ უწევდათ პედაგოგებს, ბავშვების საპირფარეშოში შეყვანა და ყურადღების მიქცევა. ახლა ამის აუცილებლობა აღარ არის. ეს ერთი პროცესი უკვე დასრულდა , ამის შემდეგ დაიწყება ბავშვებისთვსის ცნობიერების ამაღლება წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის მიმართულებით“ - თქვა CENN-ის პროექტების კოორდინატორმა მარიკო წიქორიძემ და აღნიშნ,  რომ ცნობიერების ამაღლების კამანიას მარნულის „WASH საბჭო“ განახორციელებს.

სოფელ წერეთლისა და თამარისის საბავშვო ბაღების სველი წერტილის მოწესრიგების პროცესში ასევე აქტიურად იყო ჩართული მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება.



სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის უნიტაზების ადაპტირებას კი ადგილობრივი თვითმმართველობა უახლოესპერიოდში უზრუნველყოფს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, საპირფარეშოებში ცხელი წყალი კი მხოლოდ 5 სააღმზრდელო დაწესებულებას აქვს.



„WASH საბჭოები“ შვიდ მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან შეიქმნა, მათ შორის მარნეულშიც. 2019 წელს ჯგუფი გადახალისდა და თვითმმართველობის წარმომადგენლებით, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებით და აქტიური მოქალაქეებით დაკომპლექტდა“

საგრანტო კონკურსის მიზანი საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში (დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ახმეტა, საგარეჯო, ლაგოდეხი) სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში, შვიდ მუნიციპალიტეტში, სულ ექვსი ინიციატივა დაფინანსდა. თითოეულის მაქსიმალური ღირებულება 2000 ხოლო მინიმალური 500 ევროს შეადგენდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები