წითელ ხიდზე საკარანტინო ზონა მოეწყობა
დღეიდან, ყველა მოქალაქე რომელიც საქართველოში შემოვა, მიუხედავად იმისა თუ საედან შემოვლენ, კარანტინს გაივლის. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

ჩიქოვანის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ახლოს საკარანტინო ზონები მოეწყობა. ეს სასაზღვრო ზონებია ლარსი, წითელი ხიდი და სარფი.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარიძემ განაცხადა, რომ სახმელეთო ზონებიდან შემოსვლის ნაკადები ძალიან გაიზარდა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან კარანტინის ზონების მოწყობა სწორედ ამითაა განპირობებული.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში წითელი ხიდის მიმდებარედ სავარაუდო საკარანტინო სასტუმრო 4 მარტს უკვე შეარჩიეს. მაშინ მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ გვითხრა, რომ ეს არ ნიშნავდა, რომ საკარანტინო ზონა წითელ ხიდზე მოეწყობოდა, მაგრამ დღეს, 20 მარტს, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საკარანტინო ზონა სწორედ წითელ ხიდზე გაიხსნება.

რადიო „მარნეული“

Print