„საკმაოდ დიდი რისკის ქვეშაა თითოეული მარნეულელი“ - ზაურ დარგალი
დღეს, 22 მარტს, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა. მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და დგინდება თუ ვისთან ჰქონა კონტაქტი დაინფიცირებულ მოქალაქეს.

ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში მარნეულის მერია დამატებით შეზღუდვებსა და რეგულაციებს მოქალაქეთა გადაადგილებასა და შეკრებებთან დაკავშირებით ვერ დააწესებს, მაგრამ თითოეულმა მარნეულელმა უნდა გიაზროს, რომ საფრთხე რეალურია.

„მე კიდევ ერთხელ ვურჩევ მარნეულელებს, რომ დარჩნენ სახლში რადგან მუნიციპალიტეტში დიდი საფრთხეა. ბევრ ადამიანთან შეიძლება ჰქონოდა ამ ადამიანს კომუნიკაცია, რადგან ვიცით რომ წლისთავზეც იყო რამდენიმე დღის წინ და ა.შ. ამიტომ, საკმაოდ დიდი რისკის ქვეშაა თითოეული მარნეულელი, რადგან ჩვენ პატარა მუნიციპალიტეტში ვცხოვრობთ“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ მუნიციპალიტეტში არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც შექმნილ სიტუაციას სერიოზულად არ ეკიდება და ქალაქში და სოფლებში ჯერ კიდევ ხშირია მასობრივი თავშეყრის შემთხვევები.

„გუშინ, გუშინწინ იყო დიდი მოძრაობები, გასვენებები, წლისთავები, ორმოცები. ჩვენ კი ვზღუდავთ მაქსიმალურად და ვაკონტროლებთ, თუმცა მოქალაქეთა პასუხისმგებლობა მაინც უნდა იყოს მაღალი“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

შეგახსენებთ, რომ მარნეულის „ჯეო-ჯოსპიტალის“ კლინიკაში ახალი კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუფიქსირადა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 18 მარტიდან ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.

რადიო „მარნეული“
ვლადიმერ ჩხიტუნიძე

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები