უფასო პური თანასოფლელებისთვის - მარნეულელი ოჯახის თანადგომა საკარანტინო რეჟიმში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში მცხოვრები დალაქიშვილების ოჯახი, რომელსაც საკუთარი პურის საცხობი აქვს, ორი დღის განმავლობაში პურს უფასოდ გასცემს.
ამ ფორმით მათ საკარანტინო რეჟიმში და რთულ ვითარებაში აღმოჩენილი თანასოფლელების დახმარება სურთ.

„ერთ წელზე მეტია რაც ჩემს თანასოფლელებს ვემსახურები. იცით რა მდგომარეობაცაა ახლა მარნეულში და მინდოდა პატარა თანაგრძნობა მაინც გამომეხატა თანასოფლელების მიმართ და რაც შემეძლო, ის გავაკეთე“, - გვეუბნება დავით დალაქიშვილი.

დღეს დავითის დედამ თონეში 120 პური გამოაცხო და ყველა დაარიგა. ერთი ამდენის გამოცხობას დღის ბოლომდე კიდევ გეგმავენ. საკარანტინო რეჟიმზე გადასვლი პირველ დღეს, თამარისში, თითო ოჯახმა ხუთამდე პურის წაღება უფასოდ შეძლო.



დავითი წუხს, რომ ფქვილის მარაგი ძალიან ცოტა აქვს და შესაძლოა, მარნეულში გამკაცრებული სკარანტინო რეჟიმის გამო, მეტის შემოტანა ვერც შეძლონ. თუ მარაგის შევსებას მოახერხებენ, სხვა დღეებში პურზე შეღავათიანი ფასის დაწესებასაც აპირებენ.

„საჭიროების შემთხვევაში, ვისაც არ ექნება ფიზიკურად შეძენის საშუალება, თუნდაც იმ მინიმალურ ფასად, მათთვის მაინც უფასო იქნება“




მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 მარტს, 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.
Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები