საქართველოში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა
დღეს, 31 მარტს, ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია  საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ 30 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, გამოცხადდა კომენდანტის საათი - 21:00 საათიდან მოქალაქეებს როგორც ფეხით, ისე მანქანით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე ეკრძალებათ.

ასევე აკრძალული 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. გიორგი გახარიამ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს.

აკრძალულია ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე ქალაქებს შორის.
დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე.

აიკრძალა სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს ორი მეტრიანი სოციალური დისტანცია.

პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართვლოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან საკარანტინო რეჟიმში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით დაავადებული ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 108-მდე გაიზარდა.
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 21
კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები