"ამის უკან ვინც დგას და თუ ვინმე დგას, გამოირკვევა" - თამაზ ნავერიანი საპროტესტო აქციას #დაასიგნალე #გააპროტესტეს ეხმაურება
„გუშინდელი აქცია მე ნამდვილად მაკვირვებს. უკმაყოფილო ვინც არის ამ შეზღუდვებით ის ადამიანები გააპროტესტებდნენ ამას და ამის უკან ვინც დგას და თუ ვინმე დგას, გამოირკვევა და დადგინდება ეს ყველაფერი. ცოტა დრო უნდა „- ასე ეხმაურება მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, 14 აპრილს, 21:00 საათზე მარნეულში გამართულ საპროტესტო აქციას და ამ ეტაპზე, აქციის ორგანიზებულობაზე საუბარი უჭირს.

„აფსოლუტურად დადგინდება ყველაფერი რატომ იყო, რისთვის იყო და რა გამოწვევა იყო ეს. მე როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით უკვე  ორი ადამიანი დააჯარიმეს (საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო) როგორც ჩანს, ვერ აიტანეს კარანტინი. არადა, ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნის და ზოგადად მარნეულის უფრო უკეთესი სიტუაციისთვის, რომ გაიხსნას ის ობიექტები რომელიც აუცილებელია, ამუშავდეს ეკონომიკა , მაგრამ არა ამ ფორმით. ეს ვირუსი უნდა ჩავაცხროთ და მერე იქნება ხალხის თავისუფლება, ობიექტების გახსნაც და ამოვისუნთქებთ. ცოტახანი ყველამ უნდა გავიჭირვოთ, ეს აუცილებელია“.

მოქალაქეების საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საკმარისი დახმარების გაწევა იყო. ამ მოთხოვნას თამაზ ნავერიანი სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

„დარიგებულია მარნეულში ორჯერ და ათჯერ მეტი (დახმარება). ეს პროცესი კიდევ მიმდინარეობს. მეც ვაპირებ ამ პროცესის გაგრძელებას ჩემი ახლობლების, ნათესავების და მეგობრების დახმარების მეშვეობით“

რადიო „მარნეული“ დილიდან ცდილობ მარნეულის მერის პოზიციის გარკვევას საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ჩვენ, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში  ვარკვევთ, ნამდვილად დაჯარიმდნენ თუ არა გუშინ მოქალაქეები, საპროტესტო აქციის დროს საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო.

#დაასიგნალე, #გააპროტესტე - მარნეულელების საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის დროს, გუშინ, 14 აპრილს დაიწყო. აივნებიდან ისმოდა სტვენის, სიგნალებისა და ფეიერვერკების ხმა. ამ ფორმით მოქალაქეებმა საკარანტინო რეჟიმს ერთგვარი პროტესტი გამოუცხადეს.აქციის ორგანიზატორების ვინაობა ამდრომდე უცნობია. სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის ფეისბუკ გვერდიცაა შექმნილი.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები