სიახლე
"ნიკა გვარამიამ მუსლიმებს ბოდიში უნდა მოუხადოს" - რუსლან ჰაჯიევი

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი ტელეკომპანია "მთავარის" ხელმძღვანელისაგან, ნიკა გვარამიასაგან, მუსლიმებისათვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.



რადიო "მარნეულთან" საუბრისას ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, „სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია“, მისთვის მიუღებელია.

ჰაჯიევის თქმით, ყველა ადამიანმა სხვის რელიგიას პატივი უნდა სცეს და ამდაგვარი აზრების გამოთქმა ისლამური რელიგიის შეურაცხყოფაა.

„ეს აზრი მიუღებელია. არავსი აქვს უფლება სხვისი რწმენით, გრძნობებით ითამაშოს. მე ამას ვაცხადებ ყველა რელიგიასთან დაკავშირებით. გვარამიას ბოლო გამოთქმა, სადაც ვიღაცას ღმერთს და მუჰამედს ადარებს არასასიამოვნოა. დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში. არავის აქვს უფლება წმინდა ღირებულებების შესახებ ასე ისაუბროს“ - განაცხადა რუსლან ჰაჯიევმა

ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა და ივანიშვილის ღია წერილი განიხილა. გვარამიას თქმით, ივანიშვილის წერილი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსთავი2-ის საქმეში მას კერძო ინტერესები ჰქონდა და განაცხადა "ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია, ეს კაცი არ არის სტაბილური სააკაშვილის ნიადაგზე პირველ რიგში და მეორე რიგში ჩემს ნიადაგზეც“.

 

| Print |