სიახლე
„მნიშვნელოვანია ადგილობრივი გლეხების სოციალური ინტერესების და მიწაზე წვდომის უფლების სათანადო რეალიზება“ – EMC
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაწყებული დავის შესწავლა ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა დაიწყო. როგორც EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე რადიო „მარნეულთან“ აცხადებს, მნიშვნელოვანია ადგილობრივი გლეხების სოციალური ინტერესი და მოთხოვნა, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი რესურსი სოფლის მეურნეობისათვის.
„მათ გვითხრეს, რომ მათი წინაპრები საბჭოთა კავშირის დროს და მას შემდეგაც ამ მიწებს აქტიურად იყენებდნენ. ისინი იხსენებენ, რომ 25 წლის წინ, ადგილობრივმა სასულიერო პირმა განუმარტა, რომ ეს მიწები მის მფლობელობაშია და მიწის იჯარის გადასახადი მას უნდა გადაუხადონ, თუმცა როგორც ჩანს, მათ მოგვიანებით გააცნობიერეს, რომ მიწებზე სახელმწიფოს ჰქონდა საკუთრება და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა აღრიცხული. ბოლო ორი წელია ადგილობრივი გლეხები იხდიან ქონების გადასახადს ამ მიწაზე, რაც მათი აზრით აძლევდა უფლებას კანონიერად ესარგებლათ. წინა წელსაც ისინი ამბობენ, რომ მამაოს წინააღმდეგობის გამო და იმიტომ, რომ მხარი არავინ დაუჭირათ, ვერ შეძლეს მიწით სარგებლობა და ახლაც, როდესაც დაიწყეს ტექნიკით მიწის დამუშავება, კვლავ გამოჩნდა სასულიერო პირი, რომელმაც მოუწდა შეჩერებულიყვნენ“

თამთა მიქელაძე ამბობს, რომ, ამ ეტაპზე, სწავლობენ რის საფუძველზე მოხდა ქონების გადახდა და არსებობს თუ არა მიწის მართლზომიერი სარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა ეს ასე რომც არ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გააცნობიეროს მიწის რეფორმის დაუსრულებელი და უსამართლო პროცესი რეგიონებში. სწორედ სახელმწიფომ ახლა უნდა შექმნას სამართლებრივი გარანტიები კანონიერი ფორმებით მიწის სარგებლობისთვის.
MarneuliFM · თამთა მიქელაძის კომენტარი 2

„ჩვენი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, დღეს არის სწორედ აგილობრივი გლეხების სოციალური ინტერესების და მიწაზე წვდომის უფლების სათანადო რეალიზება და ყველა პირობის შექმნა. რომ მათ ჰქონდეთ მიწაზე, როგორც ბაზისურ ბუნებრივ და სოციალურ რესურსზე წვდომა. ასევე, თვითონ კონტექსტი ამ დაძაბულობის, სადაც მეორე მხარე, სასულიერო პირი გამოჩნდა და ერთგვარად რელიგიური კონტექსტია, ძალინ მნიშვნელოვანია მოიხსნას და  ეს საკითხი მხოლოდ სოციალური ინტერესის სასარგებლოდ გადაწყდეს“

EMC-ს წარმომადგენლის თქმით, ადგილზე მისულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის ზაურ დარგალი და ზაურ ტაბატაძე, რომლებმაც მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს, საბოლოო ჯამში კი საკითხის გადაჭრას კანონიერი გზით დაჰპირდნენ.

რადიო მარნეული დეტალების გარკვევას ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  ცდილობთ, თუმცა ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

ამავე თემაზე: ქესალოელების თქმით, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის დამუშავებას მღვდელი უშლით
| Print |