2 695 მოსწავლის სკოლაში ტრანსპორტირებას მარნეულის მერია უზრუნველყოფს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო. საუბარია იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა მოსწავლის საცხოვრებელი ადგილი სკოლიდან დაშორებულია არანაკლებ 2 კმ-ით, ან  მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს,  ან მოძრაობის გრაფიკი თავსებადი არ არის გაკვეთილების განრიგთან.  

მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ამ ეტაპზე, მერიამ დროებითი ხელშეკრულება გააფორა შპს „თაიმსერვისთან“. ასანაზღაურებელი სავარაუდო თანხა, ერთი თვის გათვალისწინებით 93 391,06 ლარად განისაზღვრა.

როგორც მერიის გამარტივებულ შესყიდვებშია განმარტებული, ტრანსპორტირების დროებითი მომსახურების გაწევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურები სკოლის დაწყებამდე ვერ დასრულდა.

კონსოლიდირებული ტენდერი, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრე იყო გამოცხადებული, ფაქტობრივად, სწავლის დაწყებისთვის პროცედურები ბოლომდე იყო მიყვანილი, თუმცა გარკვეული პერიოდი, საუბარია ერთკვირიან პერიოდზე, სანამ დაკონტრაქტდებოდა ტენდერი, გავაფორმეთ კონტრაქტები დროებით მომსახურებაზე.  შესაძლებელია ჩვენ ერთ კვირაში შევწყვიტოთ ეს მომსახურება გამარტივებული შესყიდვით ვისთანაც არის დადებული და კონსოლიდირებულ ტენდერზე გადავიდეთ, შესაძლოა ეს პერიოდი იყოს უფრო ადრე. მთავარი არის, ის რომ  სერვისი, რომელსაც ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტი, ბავშვების გადაადგილების თვალსაზრისით არის შეუფერხებლად და არის ჩვენს კონტროლს დაქვემდებარებული“ - უთხრა რადიო „მარნეულს“ მერის მოადგილემ ლაჟა ლობჯანიძემ და აღნიშნა, რომ კომპანია,  რომელიც მოსწავლეთა ტრანსპორტირებას დროებით ახორციელებს, მომსახურების თანხა გაწეული სამუშაოების პროპორციულად აუნაზღაურდება“ - კილომეტრაჟზე 2.33 ლარია განსაზღვრული

ლაშა ლობჯანიძე განმარტავს, რომ  მუნიციპალიტეტი კონსოლიდირებულ ტენდერზე რამდენიმე დღეში გადავა. გამარჯვებული კომპანია კი მომსახურებას ერთი წლის განმავლობაში გასწევს. თუ რა თანხა დაუჯდება ერთი წლის განმავლობაში მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტს, მერის მოადგილე ამბობს, რომ ხარჯის ზუსტი რაოდენობა რამდენიმე დღეში გაირკვევა.

„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის 19 სკოლა და  2 695 მოსწავლეა ჩართული.

მათ შორისაა, სოფელ წერეთლის საჯარო სკოლა.  როგორც ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, მარინა მაჭარაშვილი ამბობს, მათი სკოლიდან მსგავს სერვისს დაახლოებით 150 ბავშვი იღებს.

აღნიშნული პროგრამის განხორციელება მუნიციპალიტეტში გასულ წელს დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო, სერვისით სარგებლობაცც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა.

გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალს, რომლებსაც ტრანსპორტი მოემსახურება:
  • შულავერის N1 საჯარო სკოლა
  • კასუმლოს საჯარო სკოლა
  • სოფელ თამარისის №1 საჯარო სკოლა
  • აზიზქენდის საჯარო სკოლა
  • არაფლოს საჯარო სკოლა
  • სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლა
  • თაზაქენდის №1 საჯარო სკოლა
  • საბირქენდის №1 საჯარო სკოლა
  • სადახლოს #2 საჯარო სკოლა
  • სადახლოს #1 საჯარო სკოლა
  • თაზაქენდის 2 საჯარო სკოლა
  • შულავერის #2 საჯარო სკოლა
  • წერეთელის საჯარო სკოლა
  • ქირაჩმუღანლოს საჯარო სკოლა
  • მარადისის საჯარო სკოლა
  • ყიზილაჯლოს #1 საჯარო სკოლა
  • ქაფანახჩის საჯარო სკოლა
  • სოფელ ყულარის საჯარო სკოლა
თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები