მერიაში უქმდება სამი სამსახური და წარმოიქმნება ოთხი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში უქმდება სამი სამსახური და წარმოიქმნება ოთხი. ამის შესახებ ინფორმაცია 10 იანვარს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხი განსახილველად მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ გამოიტანა და თქვა, რომ მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება გაუქმდეს შიდა აუდიტის, ეკონომიკის და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურები. ლობჯანიძე განმარტავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება თვითმმართველობის უკეთ ფუნქციონირებისათვის მიიღეს.

„ჩვენ გვაქვს სამი სამსხური, რომელიც საერთოდ უქმდება და წარმოიქმნება ოთხი ახალი სამსახური. ჩვენ აქამდე გვქონდა 8 სამსახური.  კანონით გვეძლევა საშუალება ერთი ახალი სამსახური კიდევ დავამატოთ. ზოგადად (ეს სამსახურები) წარმოიქმნება და ჩამოყალიბდება შემდეგი სახით: ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, ასევე ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის განვითარების სამსახური, სტატისტიკის, ანალიტიკისა და აუდიტორული მომსახურების სამსახური და ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნვლჰყოფის სამსახური. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური ცალ-ცალკე იყო ჩაშლილი განყოფილებების სახით სხვა სამსახურებში, მაგრამ ფუნქციურად, ფაქტობრივად ერთი შინაარსის იყო. აქიდან გამომდინარე გაერთიანდა ეს განყოფილებები და ამ სახით ჩამოყალიბდება“ - თქვა ლაშა ლობჯანიძემ და საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

მერის მოადგილე ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებების ფონზე საერთო ჯამში, მერია ექვსი საშტატო ერთეულით იზრდება და სამომავლოდ კონკურსიც გამოცხადდება

„ახალ პოზიციებზე, ვაკანსიებზე, რა თქმა უნდა თავიდან გამოცხადდება კონკურსი. რაც შეეხება ძველ პოზიციებს, შიდა მობილობას ცნობს კანონი და ძირითადი ნაწილი შიდა მობილობით თავიანთი ფუნქციებიდან, კომპეტენციებიდან და განათლებიდან გამომდინარე გადავლენ“

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი 25 იანვრიდან დაიწყო.

გთავაზობთ საკრებულოს სხდომის ფეისბუკ ლაივს

თიკო დავაძე
რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები