მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ დიოკნისში მცხოვრები
ეკომიგრანტები საძოვარი მიწების გამო დავობენ.
ამასთან დაკავშირებით მათ საპროტესტო აქცია 9 თებერვალს გამართეს.
ადგილობრივები ამტკიცებდნენ, რომ მათივე თანასოფლელმა, ვინმე ავთანდილ
ძირკვაძემ მოსახლეობის
კუთვნილი მიწები თაღლითური გზით
მიითვისა.
აქცია რადიო მარნეულმა "ფეისბუკ" ლაივის მეშვეობით
გააშუქა, შემდეგ კი სტატია მოამზადა. დღეს, რადიო „მარნეულს“ ავთანდილ
ძირკვაძის შვილი, ნაირა ძირკვაძე დაუკავშირდა და მასალის წაშლა
მოითხოვა, ძირკვაძე თვლის, რომ აღნიშნული მასალის გაშუქებით მისი
ოჯახის შეურაცხყოფა მოხდა. ნაირა გვიმტკიცებს, რომ მოსახლეობის
პროტესტი უსაფუძვლოა. ამბობს, რომ მამამ მიწები 22 წლის წინ,
კანონიერი გზით შეიძინა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მის
მემკვიდრეზე (შვილი), როინ ძირკვაძის საკუთრებაში გადავიდა.
„პრივატიზაცია როცა კეთდებოდა, მამაჩემმა მაგ მიწაზე
გადაიხადა ფული და გაიკეთა პრივატიზაცია. ხელისუფლებისგან შეისყიდა 10
ჰექტარი. მოსახლეობას მაგის დამადასტურებელი საბუთი აქვს რომ მამაჩემს
ჰყავდა პარლამეტში კაცი ან გამგეობაში, ან თუნდაც საჯარო
რეესტრში და ეს ყველაფერი ყველამ გააყალბა? ასე ჰაერზე ხომ არ
შეიძლება ვინმეს ბრალდება წაუყენო? ჩემი ძმის საკუთრებაა ახლა ეს მიწა
მან გაყიდა თავისი კერძო საკუთრება. მე არამგონია დღეს ისეთი
ხელისუფლება გვყავდეს, რომელიც უშვებდეს შეცდომას საჯარო რეესტრში,
გამგეობებში და ზემდგომ ორგანოებში, სადაც ხდება ამის გაკეთება.
კანონმა მას მიანიჭა ეს კერძო საკუთრებად, თუ მათ ჰქონდათ საშუალება
ეყიდათ და გაეფორმებინათ თავიანთ სახელზე. სოფლის მოსახლეობა არ
გვაძლევდა მიწის დამუშავების საშუალებას, იმიტომ რომ თავიანთ საქონელს
უშვებდნენ, გვესხმოდნენ თავს და სასამართლოს გზით ორჯერ მოიგო
მამაჩემმა დავა“ – თქვა ნაირა ძირკვაძემ
მოსახლეობა იმავე აზრზეა დღესაც და თვლის რომ ავთანდილ ძირკვაძემ
მიწები სოფლის მინდობილობის საფუძველზე, არაკეთილსინდისიერად,
თაღლითური გზით მიითვისა. ამბობს, რომ საძოვარი მიწები, რომლებიც
მათმა თანასოფლელმა თაღლითური გზით მიითვისა ახლა კი მისმა მისმა
მემკვიდრემ, როინ ძირკვაძემ გაყიდა. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მიწის
სასამართლო დავა დასრულებული არ არის. ისინი თვლიან, რომ 10 ჰექტრის
საკუთრებაში დამტკიცება ავთანდილ ძირკვაძემ, გარკვეულწილად
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობითაც მოახერხა.
„საძოვრები სოფლში ვანდეთ ოთხ კაცს ,რადგან ოთხ კაცზე
უფრო ადვილი იყო თანხის გადახდა. ეს იყო ადრე, გამსახურდიას დროს,
მაშინ, როდესაც აქ ჩამოგვასახლეს. მაშინ იყო მაგაზე მინდობილობა
გაკეთებული, როგორ შეისყიდა. ზაზა რომ ამბობდა (უკვე ახალი მესაკუთრე)
უპრობლემოდ შევისყიდეთო, საკუთრებაშიო. როგორ შეიძინეს, ვინ გადასცა
ეგ ხო სადო მიწაა? სასამართლო არ ყოფილა არანაირად
დასრულებული“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი
როგორც მარნეულის მერის მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ გვითხრა, აღნიშნული
საკითხის საქმის კურსში არიან, თუმცა ჯერ მოკვლევა არ დაუწყიათ. მიწის
დეტალების დასაზუსტებლად კი ოფიციალური წერილით მიმართვა გვთხოვა.
„მერიას მოკვლევა არ დაუწყია ჯერ. ადვოკატი ჰყავთ და ის
ადვოკატი მუშაობს. მერიისთვის ჯერ არ მოუმართავს (მოსახლეობას).
ზეპირად რა შეიძლება მახსოვდეს როდის გაიყიდა ის ნაკვეთი, ვინ იყიდა.
ამას ზეპირად როგორ გეტყვით. მოგვწერეთ წერილი, მივცემთ შესაბამის
სამსახურებს, დაამუშავებენ და
მოგაწვდით სრულად“
ახალი დიოკნისის მოსახლეობის ინტერესებს ადვოკატი, თეიმურაზ მაისურაძე
იცავს და 70 ადამიანის მინდობილობა აქვს. როგორც ის, ჩვენთან საუბარში
აცხადებს, მიწებზე დავა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიყო და საქმემ უკვე
მეამე გამომძებელი გამოიცვალა. ადვოკატის თქმით, სიმართლის
დასამტკიცებლად ყველანაირი მტკიცებულებები აქვთ და ყადაღა უნდა დაედოს
მიწას და დაუბრუნდეს სახელმწიფოსს. მისი თქმით, საქმეში აქტურად უნდა
ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობა და გამოძიება ბოლომდე უნდა
მივიდეს.
„ყადაღა უნდა დაედოს და გაგრძელდეს ინტენსიური გამოძიება.
სრული, კატეგორიული ხასიათის მტკიცებულებებია. თვითმმართველობამ უნდა
აღიაროს, რა იყო თავიანთი შეცდომა და ის, რომ მოატყუეს ქონების
მართვა. მოტყუებულია მთლიანად სახელმწიფო. ამ სახელმწიფოში შედის
სოფელი. სოფელში 200 ადამიანს, არცერთს არ აქვს დარეგისტრირებული თითო
ჰექტარი მიწა, რომელიც ფაქტობრივად მფლობელობაში აქვს და ეკუთვნის
კანონით. საკუთრების უფლებით არავის აქვს დარეგისტრირებული და ეს ხომ
აფსურდია, რომ ამავე სოფლის მცხოვრებს, ავთანდილი ძირკვაძეს, შემდეგ
როინ ძირკვაძე იკანონებს მისი შვილი 10 ჰექტარ მიწას. არც არსებობს
კანონი, რომ ვინმემ 10 ჰექტარი დაიკანონოს. ეს ხალხი არაფერს
დათმობს“
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვას
გეგმავს ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის
ცენტრიც.
რადიო "მარნეული" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში
არკვევს.
(მასალა განახლდება)
თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"