„ეს არის ოპოზიციის ერთობის და სწორი მიდგომის მიღწევა“ - იმამყულიევი გახარიას გადადგომას ეხმაურება
გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა.  როგორც თავად განაცხადა, გადადგომის მიზეზი ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საქმეზე გუნდთან შეუთანხმებლობაა.

„სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე გუნდთან შეთანხმებას ნიკა მელიას საკითხზე - მინდა მჯეროდეს, რომ გადადგომის შესახებ ჩემი ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას“
- თქვა გიორგი გახარიამ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ახმედ იმამყულიევი ეხმაურება და მიიჩნევს, რომ გახარიას თანამდებობიდან გადადგომა არის ოპოზიციის ერთობის და სწორი მიდგომის მიღწევა.



„გახარიამაც გაიგო, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული და ამ ფონზე მელიას დაკავების პროცესი იყო არასწორი. მან აარიდა თავი კიდევ ერთ პასუხისმგებლობას, რომელზეც კიდევ ერთხელ შესაძლებელი იყო ხალხსა და პოლიციას შორის მომხდარიყო (დაპირისპირება).  ოპოზიცია და ოპოზიციის ყველა ლიდერი ამბობდა, რომ ჩვენი ძალებით შევაკავებდით ამ უკანონობას. შემიძლია ვთქვა, რომ გახარია არის, უფროსწორად იყო ერთადერთი ლიდერი უკვე, რომელიც გონივრულად მოიქცა „ქართულ ოცნებაში“.  მისი გადადგომა იყო დროული და სწორი“

ახმედ იმამყულიევი მიიჩნევს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. მისი თქმით, ქვეყნის ღრმა კრიზისში ყოფნას, სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წამსვლელ ადამიანების რიცხვიც ადასტურებს.



„ეს ყველაფერი (კრიზისი) გვაჩვენა იმ 54 000-მა , რომლებიც ერთ დღეში დარეგისტრირდნენ გერმანიაში სამუშაოდ წასასვლელად. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ღრმა კრიზისში არის სახელმწიფო. ამ ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები, რათა სათავეში მოვიდეს ხალხის არჩეული ხელისუფლება“

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტეს, რომ ნიკა მელიას დაკავება გახარიას გადადგომის გამო გადაიდო.

“ქართული ოცნება” პრემიერმინისტრობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ხვალ, 19 თებერვალს დაასახელებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები