მარნეულის მერიის მეოთხე სართულზე საარქივო ოთახი მოეწყობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მეოთხე სართულზე საარქივო ოთახი მოეწყობა. აღნიშნული სივრცეს, ადგილობრივი თვითმმართველობა, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისთვის 4 960 ლარად გააკეთებს.  საარქივო ოთახის მონტაჟი მერიამ გამარტივებული შესყიდვის წესით გადაწყვიტა და ხელშეკრულება ინდმეწარმე, ვინმე ზაქირ ბაირამოვთან გააფორმა.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დოკუმენტაციის დასაარქივებლად ესაჭიროება გარკვეული ფართი. იმის გამო, რომ მერიის შენობაში არ მოიძებნება აღნიშნული ფართი, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს რათა შენობის მეოთხე სართულზე მოეწყოს მსუბუქი კონსტრუქციის საარქივო ოთახი“ - წერია გამარტივებული ტენდერის მოხსენებით ბარათში

ინდმეწარმე ვალდებულია 11 კვმ-ის საარქივო ოთახი მერიის მეოთხე სართულზე , ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან, მიმდინარე წლის 26 თებერვლის ჩათვლით მოაწყოს.

აღნიშნული სამუშაოებისთვის მარნეულის მერიამ თანხა 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოყო. 

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print