მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის წელს 50 000 ლარი გამოყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურებისთვის წელს მერიამ 50 000 ლარი გაითვალისწინა. ინფორმაცია გაორმაგებული თანხის შესახებ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს და აღნიშნეს, რომ 2021 წლის ბიუჯეტის განაწილებამ თანხის გაზრდის შესაძლებლობა მისცათ.

წლებია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობა მსგავსი სახის მომსახურეობის ტენდერებს აცხადებს, თუმცა დახარჯული თანხის როდენობა 21 000-ს არასდროს აღემატებოდა. 2021 წელსაც ამავე რაოდენობის თანხის დახარჯვა იგეგმებოდა, რაზეც ბოლოდროინდელი ტენდერი მეტყველებს, რომელიც 2020 წლის 15 დეკებერს, 2021 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გამოცხადა, თუმცა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

მასში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა მიიღო, რომელსაც მერიამ დისკვალიფიკაცია რამდენიმე მიზეზის გამო მიანიჭა. მათ შორის,  თავშესაფრის ვეტერინარ(ებ)ის კვალიფიკაციის  დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ რომ, კიდევ ერთ ტენდერს, რომელიც გაზრდილი თანხით იქნება, უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.

რადიო "მარნეულს“ არაერთხელ მოუმზადებია სიუჟეტი, რომელიც მარნეულში მომრავლებულ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პრობლემას ასახავდა. 2019 წლისთვის კი ძაღლთა რეგიონალური თავშესაფრის აშენება იგეგმებოდა, რომლის ერთ-ერთ ადგილად სწორედ მარნეული მოიაზრებოდა. მსგავსი სივრცე მუნიციპალიტეტსა და რეგიონში დღემდე არ არსებობს

მიუხედავად მერიის ყოველწლიური ტენდერებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია და მუნიციპალიტეტში ისევ მწვავედ დგას მიუსაფარი ძაღლების საკითხი. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო რამდენიმე თვის მონაცემებით, მარნეულში ძაღლის კბენის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება. მაგალითად, გასული წლის შვიდ თვეში, 648 ადამიანი აიცრა ცოფზე.

ჯერჯერობით უცნობია, 50 000 ლარად, რამდენი ძაღლისთვის შეძლებს მუნიციპალიტეტი მომსახურეობის გაწევას.

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"


Print