მარნეულის საბავშვო ბაღებში 2 300 აღსაზრდელიდან დღეს 855 მივიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ბაღებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა დაევალათ, რომელიც მათ მუშაობას განაპირობებს.  მესამე საბავშვო ბაღმა „ჩიორამ“ დღეს 390 აღსაზრდელიდან  190-მდე ბავშვი მიიღო. მისული ბავშვების რაოდენობას ამავე ბაღის გამგე, ქეთევან მინაძე დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. ამბობს, რომ მზად არიან დაიცვან რეგულაციები. მისივე განმარტებით, კორონავირუსზე ტესტი ბაღის ადმინისტრაციამ შაბათ-კვირას ჩაიტარა და ყველას მათგანის პასუხი უარყოფითია.

„ბაღი მომზადებული შეხვდა ამ დღეს. ვიცავთ ყველა რეკომენდაციას. ყოველდღიურად ფასდება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სათამაშოებს დეზინფექციას დღეში ორჯერ ვუტარებთ. პირველ დღესთან დაკავშირებით მაინც კარგი რაოდენობა მოვიდა 190, რაც კარგია - ვთვლი, რომ ესეიგი გვენდობიან. ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იქნება, აუცილებლად ყველაფერს შევასრულეთ, ამის პირობები არის. მშობლების ნაწილმა დაგვირეკა და გვითხრა, ერთი ორი დღის შემდეგ მოვიყვანთ შვილებსო, დავაკვირდებით მდგომარეობასო“ - თქვა ქეთევან მინაძემ

მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ დღეს 1 მარტს, მარნეულის 14 საბავშვო ბაღიდან მუშაობა სრულად მხოლოდ ათმა, ნაწილობრივ კი ერთმა განაახლა. გაერთიანების ხელმძღვანელის, ზაურ ქარამოვის თქმით, წერეთელის ბაღის შენობის გარკვეულ ნაწილს  და შაუმიანის სააღმზრდელო დაწესებულებას ახლა სამხარაულის ექსპერტიზა სწავლობს,  რომელიც შენობის ავარიულობას განსაზღვრავს. რაც შეეხება კიდევ ორ, მარნეულის N1 და ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღებს, იქ შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

„დავაკვირდით, რომ დღეს ბაღებში მოლოდინზე ბევრად ნაკლები აღსაზრდელი მოვიდა. მაგალითად, ერთ- ერთ ბაღში 274 დან, 28 ბავშვი მოვიდა. ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ჩემი აზრით,  ეს,  მშობელთა ინფორმაციის ნაკლებობის ან კოვიდპანდემიის გამოა. ჩვენ  ყველა რეკომენდაციებს ვიცავთ,  შესაბამისი ინვენტარი და აღჭურვილობაა იმისთვის, რომ ბავშები ბაღში მოვიდნენ. ბაგა-ბაღების ყველა მასწავლებელს და   პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლინდა. მსგავსი  ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება“, - ამბობს ზაურ ქარამოვი

მარნეულის საბავშვო ბაღებში 2 300 აღსაზრდელიდან დღეს 855 მივიდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები