„ნათელი ოთახის“ სერვისით სარგებლობა 10 მარნეულელ შშმ პირს შეეძლება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წელს „ნათელი ოთახის“ სერვისი ამოქმედდება. წელს „ნათელი ოთახის“ სერვისით სარგებლობა მარნეულში მცხოვრებ 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეეძლება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან აღნიშნული სერვისის განხორციელებისათვის 50 000 ლარია გამოყოფილი.

„როგორც იცით, ეს დოკუმენტი საკრებულოში გვქონდა გადაგზავნილი დადგენილების ფორმით და საბოლოო ჯამში, მთავრობის კანცელარიასთან კომუნიკაციით, გადაწყდა, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს ბრძანების ფორმით დავამტკიცებთ და შემდგომ უკვე აქტიურად მივიღებთ განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბენეფიციარებს, რომელსაც შეარჩევს საბჭო (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭო) გავუუმჯობესებთ საცხოვრებელ პირობებს. შესაძლოა ვინმეს სჭირდება პანდუსი, ან ოთახის მოწყობა/ადაპტირება, ამ ყველაფერს გააკეთებს მერია საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე“ - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ

მარნეულის მერის მოადგილის განმარტებით, დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ მერიაში მისვლა და კანცელარიაში განცხადების ჩაბარება. 2021 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტი სულ 10 ბენეფიციარს დააფინანსებს, თითოეული პროექტის ღირებულება კი მაქსიმუმ 5 000 ლარი იქნება.

მას შემდეგ, რაც მერიასთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭო „ნათელი ოთახის“ ბენეფიციარებს შეარჩევს, მუნიციპალიტეტი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერს გამოაცხადებს.

აღნიშნული ინფორმაცია მარნეულის შშმ პირთა საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც პირველ მარტს გაიმართა. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში შშმ პირთა ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებით, რათა შშმ პირებს დასაქმების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„ბაზის გაკეთების შემდგომ ვფიქრობთ, რომ მოვიწვიოთ მეწარმეები და ამ ადამიანებს გავუწიოთ შუამდგომლობა კომპანიებთან და ჩვენი აქტიური დახმარებით მოვახერხოთ მათი დასაქმება“. - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ

ლობჯანიძი თქმით, მუნიციპალიტეტს უკვე აქვს შემუშავებული გარკვეული ფორმები, რომლის დახმარებითაც მათთვის საჭირო ინფორმაციას შეაგროვებენ.

მარნეულის მერის მოადგილის განმარტებით შშმ პირთა საბჭოში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ძალიან ცოტა განაცხადი შედის და მოსახლეობასა და შშმ პირების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები