მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს, რომ ახალი თანაშემწე აიყვანა
3 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ ვუგარ გადიმოვი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ფეისბუკზე გადიმოვმა გამოაქვეყნა და მილოცვებსაც აქტიურად იღებდა. ამბის გავრცელებიდან რამდენიმე მცდელობის მიუხედავად,  დღეს პირველად მოხერხდა საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან დაკავშირება. აღნიშნულ ინფორმაციას ის კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ გადიმოვის მის თანაშემწედ დანიშვნაზე თვითმმართველობაში შესაბამისი განკარგულება ან რაიმე ბრძანება არ არსებობს.



„არ არის ეგ ინფორმაცია სწორი. მე არ ვიცი რაში დასჭირდა მაგას ფეისბუქზე დადება, არსად არ დანიშნულა. მაგან უბრალოდ განცხადება შემოიტანა ჩვენთან და არც განგვიხილავს. თანაშემწის ადგილი ვაკანტური არ მაქვს და კიდეც რომ მინდოდეს,  როგორ დავნიშნავდით? მან ხელშეკრულებით აყვანაზე შემოიტანა განცხადება, შტატები ჩვენთან არ არის, რეორგანიზაციის დროს, პირიქით გაუქმდა რამდენიმე შტატი და რამდენიმე თანამშრომელიც დავითხოვეთ“ , - გვითხრა ამირან გიორგაძემ.

მას შემდეგ, რაც ვუგარ გადიმოვმა თანაშემწედ დანიშვნის შესახებ ფეისბუკზე დაწერა, პოსტი რამდენიმე საათის შედეგ წაშალა და  აღარ იძებნება. წაშლამდე კი მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იწონებს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატიც ზაურ დარგალი.



როგორც ვუგარ გადიმოვი ჩვენთან საუბარში ამბობს, ფეისბუკზე დაწერილი პოსტი ტექნიკური შეცდომა იყო. საკრებულოში დასაქმების სურვილს გვიდასტურებს, თუმცა რა პოზიციაზე სურს მუშაობა, ეს ჯერ არ იცის.



„ ფეისბუკზე ტექნიკური შეცდომა იყო განცხადება ნამდვილად მაქვს შეტანილი, რომ სამსახურის დაწყება მინდა, ჯერჯერობით პასუხს ველოდებით, არ ვიცი დავიწყებ თუ არა. ჯერ ზუსტად არ ვიცი (სამსახურის დაწყება), ვნახოთ ახლო მომავალში როგორ იქნება“, - თქვა ვუგარ გადიმოვმა

აღსანიშნავია, რომ გადიმოვის „ტექნიკურ შეფერხებას“, წაშლამდე,  არაერთი გაზიარება და მოწონება  ჰქონდა.

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები