მარნეულში კორონავირუსის ვაქცინის 1 000 დოზიდან 980 ამ დრომდე გამოუყენებელი რჩება
უკვე 10 დღეა რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში აცრა მხოლოდ 17-მა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა გაიკეთა.

მარნეულში ვაქცინაციის გაკეთება „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრშია შესაძლებელი. როგორც ამავე სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნინო კობერიძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, 17-18 მარტის შემდგომ აცრის გასაკეთებლად არცერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი არ დარეგისტრირებულა.

„ამ ეტაპზე არავინ დარეგისტრირებულა. სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან ვაქცინაციის პროცესი „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ განყოფილებაში განხორციელდება, რადგან ახალი რეკომენდაციის მიხედვით ვაქცინაცია მრავალპროფილურ განყოფილაბაში უნდა განხორციელდეს“. - გვითხრა ნინო კობერიძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიულ განყოფილებას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 1 000 დოზა 15 მარტს გადასცა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ეთერ ლაფერაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, ვაქცინის 980 დოზაა დარჩენილი.

„საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს და საკმაო ინფორმაცია აქვს მოსახლეობას, რომ უნდა აიცრან და ვაქცინა ზიანის მომტანი არაა“. - განაცხადა ეთერ ლაფერაძემ

ლაფერაძის განმარტებით, მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობაში დამატებითი საინფომრაციო კამპანიების ჩატარებას არ გეგმავს. კითხვაზე, აპირებს თუ არა ის და მარნეულის მერიის წარმომადგენლები ვაქცინის საჯაროდ გაკეთებას, რათა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდონ აცრის გაკეთება, გვპასუხობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები