ჩვენი შუამდგომლობა დისკრიმინაციული არაა - ბოლნისის მერია ორდუხანოვის სარჩელზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის სახით ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ასაკოვანი მოსახლეობის, შესახებ სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვა მოქალაქე ნაშირ ორდუხანოვის მიერ სარჩელში ფაქტობრივ გარემოებად მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარეობს.

"მოქალაქე ნ. ო-ს სარჩელში ფაქტობრივ გარემოებად მოყვანილი აქვს სტატისტიკა ქვემო ქართლში, და მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ.  შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნაც გამომდინარეობს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლიდან, და მოთხოვნილია მუნიციპალიტეტის ფეისბუქ და ვებ გვერდის თარგმნა  აზერბაიჯანულ ენაზე.  სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ  აქცენტი გააკეთა იმ გარემოებაზე, რომ  ძირითადად ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა ექმნებათ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ასაკოვან მოსახლეობას, განსხვავებით ახალგაზრებისაგან, რომელთა უმეტესობამ მეტ-ნაკლებად იცის ქართული ენა და  შეუძლიათ სახელმწიფო ენაზე მიწოდებული ინფორმაციის გაგება.  



გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, იმ შემთხვევაში როცა მოთხოვნილია ინფორმაციის თარგმნა ინტერნეტ სივრცეში, ამ მომსახურების მიღება უნდა შეძლონ  კიდეც  იმ პირებმა, ვისთვისაც მოთხოვნილია  თარგმნის მომსახურება. სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის მიზანიც სწორედ წარმოადგენდა იმის გარკვევის შესძლებლობას,   რამდენად შეეძლო ამ მომსახურების მიღება ეთნიკურად აზერბაიჯანელ ასაკოვან მოსახლეობას,   რამდენად შეეძლოთ მათ (ასაკოვან მოსახლეობას) ასევე  ინტერნეტის მოხმარება, ისე როგორც შესაძლებელია არც  ასაკოვან ქართველ მოსახლეობას შეეძლოს ინტერნეტის მოხმარება, რაც ასევე ჩვენი მხიდან ითქვა სასამართლო სხდომაზე.  თუ შუამდგომლობა დაყენებული იყო მხოლოდ ეთნიკურად აზრებაიჯანელ ასაკოვან მოსახლეობასთან  მიმართებით, ეს გამომდინარეობდა მხოლოდ სარჩელიდან და სხვა ინტერპრეტაცია აღნიშნულს ჩვენი მხრიდან არ ჰქონია.  დისკრიმინაციას ამ შემთხვევაში  ადგილი არჰქონია, ვინაიდან  ჩვენი მხიდან  არ მომხდარა მოსაჩელე მხარის  უფლებების შეზღუდვა ან/და დარღვევა, ან/და  უპირატესობის დემონსტრირება",
- აღნიშნულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ რადიო "მარნეულისათვის" გამოგზავნილ ინფორმაციაში.


ნაშირ ორდუხანოვმა, რომელმაც ბოლნისის მერიას ინფორმაციის აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნების მოთხოვნით სასამართლოში უჩივლა რადიო "მარნეულს" უთხრა რომ სასამართლო პროცესზე ბოლნისის მერიის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა, რათა შესწავლილიყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა იცის აზერბაიჯანულ ენაზე წერა-კითხვა. მისივე განმარტებით, მოსამართლე ნონო გიორგაძემ მერიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

2 აპრილს სასამართლომ მომჩივანის მტკიცებულებები და ბოლნისი მერიის შუამდგომლობა განიხილა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო "მარნეულს" წერილობით უპასუხა. მათი განმარტებით, ბოლნისის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აზერბაიჯანულ ენაზე მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მასალა ითარგმნება. 

"მოგეხსენებათ, მთავრობისა და საჯარო უწყებების ფეისბუქ გვერდებზეც ინფორმაცია იტვირთება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხში, თანმინდევრულად მიყვება სახელმწიფო პოლიტიკას.


ბოლნისში და ზოგადად მთელს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომობის მიზნით, 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობისა და გაზეთის რედაქციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ბოლნისის გაზეთმა აღადგინა ინფორმაციების გავრცელება ორ ენაზე. 2020 წლის აპრილიდან როგორც გაზეთის ბეჭდურ ვერსიაში, ისე ვებგვერდზე gazetibolnisi.ge, კონკრეტული ნიუსები,  რომელიც მნიშვნელოვანია და უნდა მოიცვას ფართო მასშტაბებს, ნათარგმნია  აზერბაიჯანულ ენაზე".
-
წერია ბოლნისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. მომდევნო სხდომა 13 აპრილსაა ჩანიშნული.

Print