მარნეულში ხორცის სარეალიზაციო ობიექტები დააჯარიმეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულის მუნიციპალიტეტში 27 შემოწმებული ობიექტიდან 14-ში დარღვევები გამოავლინა და ბიზნესოპერატორები დააჯარიმა. როგორც რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განაცხადა, შემოწმებული ობიექტებიდან სამ შემთხვევაში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და ობიექტებს მუშაობის უფლება შეუჩერდათ. ინსპექტირება მარნეულის მასშტაბით 7 აპრილს განხორციელდა.

„ამ ეტაპისთვის, ჩვენთვის პრიორიტეტი არის ხორცის მაღაზიები, ვინაიდან, ხორცი ეკუთვნის მაღალი რისკის სურსათს. 27-დან 14 შემთხვევაში გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის დარღვევები. როგორიც არის ფორმა N2-ის არქონა, რაც ნიშნავს იმას, რომ სასაკლაოზე არ იყო დაკლული და ზედამხედველობის გარეშე იყო სურსათი წარმოდგენილი ბაზარზე. იყო ასევე ტემპერატურული რეჟიმების დარღვევა და ასევე იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციის არქონა. შესაბამისად, განხორციელებული იქნა საჯარიმო სანქციები. სამ შემთხვევაში დაფიქსირდა ისეთი შეუსაბამობა, რომლის დროსაც შეუჩერდათ წარმოების უფლება მანამდე, ვიდრე გამოასწორებენ სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ორი ხორცის მაღაზია დაილუქა. აქიდან ერთი არის საცხობი.“ - თქვა მირანგულა ლიპარტელიანმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად შემოწმებაზე იმყოფებოდა გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი მადონა კოიძეც. მან პირდაპირი ეთერის მეშვეობით გვაჩვენა მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხობში არსებული ანტისანიტარია. ობიექტი ამჟამად დაკეტილია. 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განარტავენ, რომ ბიზნესოპერატორები სხვადასხვა თანხიის ოდენობით დაჯარიმდნენ, თუმცა ჯარიმის მაქსიმალური თანხა 1000 ლარი იყო. სააგენტოს თქმით, შემოწმებები გრძელდება.

Print