მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დღეს, 9 აპრილს, მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღევანდელი დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მარნეულის კულტურის სახლის თანამშრომლებმა იმ 21 ადამიანის ისტორია გაიხსენეს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ნაწილის მიერ თბილისში, პარლემენტის წინ, მშვიდობიანი აქციის დარბევისას დაიღუპნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, რომელმაც საქართველოს ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღევანდელი დღე, 9 აპრილი, გამოხატულებაა იმის, რაც წინა საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. დაიწყო დისიდენტური მოძრაობა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ რომლის კულმინაციაც აპრილში განვითარებული მოვლენები გახდა, მაგრამ ამ მოვლენების ყველაზე აპოგეა გახდა 9 აპრილის ღამე, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის ძალებმა არ დაინდეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები და სასანგრე ნიჩბებით გაუსწორდნენ მათ. ეს ახალგაზრდები შეეწირნენ იმ დიდ ბრძოლას, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობა ჰქვია. დღევანდელი დღე, ისევე როგორც ტრაგიკული, ასევე სადღესასწაულო დღეც გახლავთ, რადგან ეს დაღვრილი სისხლი არ იყო დაღვრილი უმიზეზოდ და მან 1991 წელს მოგვიტანა დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, 9 აპრილი“. - განაცხადა ზაურ ტაბატაძემ

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მერიისა და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.

კულტურის სახლის მიმდებარედ ღონისძიების გამართვამდე მერიის წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს მარნეულის სამ სოფელში, ალგეთში, წერეთელსა და თამარისში არსებული 9 აპრილის მემორიალები.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.


Print