პლატფორმა „სალამმა“ ქვემო ქართლის სოფლებში საჭიროებების
ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, კვლევა დაიწყო.
კვლევის მიზანი მოქალაქეებთან შეხვედრა, მათი საჭიროებების, წუხილების
და პრობლემების გამოკვეთაა.
როგორც „სალამის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქამრან მამედლი ამბობს,
მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ადგილობრივები ხშირად უსვამენ
ხაზს იმედგაცრუების განცდას და ხიდჩატეხილობას მათსა და
გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შორის.
“ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ 10 სოფელთან.
ძირითადად ათ სოფელს ვფარავთ ბოლნისში, გარდაბანში, მარნეულსა და
დმანისში. პირველადი შეხვედრების და დაკვირვების საფუძველზე რამდენიმე
საკითხი გამოიკვეთა. ზოგ სოფელში მნიშვნელოვან გამოწვევად დგას
სასმელი წყლის საკითხი, სარწყავი წყლების საკითხი, ასევე ძალიან ბევრ
სოფელში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არის გზის და ძირითადი ბაზისური
ინფრასტრუქტურის საკითხი. არის სოფლები, სადაც უფრო გლობალური და
განსხვავებული საკითხები დგას. მაგალითად, ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში
მოსახლეობის მნიშვნელოან გამოწვევად გარემოს დაცვის საკითხებია და
ამასთან დაკავშირებით ადვოკატირების კამპანიასაც ვგეგმავთ. ასევე არის
საკითხები სკოლასთან და ბაღთან დაკავშირებით. მოქალაქეები ხაზს
უსვამენ იმას, რომ ინსტრუმენტალიზებულები არიან გადაწყვეტილების
მიმღებ პირების მიმართ და მათ ყოველთვის უყურებენ, როგორც რესურსს
კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესებში და არა, როგორც მოქალაქე, რომელთა
საჭიროებები და წუხილები მოსმენილი იქნებოდა გადაწყვეტილების მიმღებ
პირებისგან“
ქამრან მამედლი გვეუბნება, რომ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ძირითადი
მიგნებების და დაკვირვებების დოკუმენტს შეადგენენ. არსებული ყოფის
შესაცვლელად კი შედეგებს თვითმმართველ ორგანოებს წარუდგენენ. საჯარო
პრეზენტაციები გაიმართება ადმინისტრაციულ ერთეულებში. პირველადი
დოკუმენტი, სავარაუდოდ, 15 მაისისთვის იქნება მზად.
გარეკანის ფოტო: სალამი