შრომის ინსპექციამ აკელიკ გრუპის საქმიანობა უნდა შეისწავლოს - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაყვანის სამუშაოებზე დასაქმებულებისათვის ხელფასების გადაუხდელობის საკითხს ეხმიანება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს მარნეულში წყალმომარაგების და წყალანირების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე დასაქმებული 400-მდე მშრომელის სამართლიან მოთხოვნას კუთვნილი ანაზღაურების მიღების შესახებ და შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების უხეში დარღვევის ამ ფაქტებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს“. - აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში

ორგანიზაცია დასაქმებულების უფლებების დარღვევის გამო შრომის ინსპექციას საქმის შესწავლისაკენ და ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპის ქართულ ფილიალში ინსპექტირების ჩატარებისაკენ, ხოლო აკელიკ გრუპს დასაქმებულებისათვის ანაზღაურების დროულად გადახდისაკენ მოუწოდებს.

„ცხადია, რომ კუთვნილი ხელფასის დაყოვნება მშრომელებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე მძიმედ აისახება. მშრომელები აცხადებენ, რომ მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, რაც მათ ისედაც მძიმე სოციალურ ყოფას კიდევ უფრო ართულებს.

შრომის ანაზღაურების მიღება ბაზისური შრომითი უფლებაა და რამდენიმე თვიანი დავალიანება შრომით ექსპლუატაციას უტოლდება. შრომის კოდექსის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამ პირობებში მნიშვნელოვანია კომპანიამ ძირითადი ანაზღაურების გარდა უზრუნველყოს მშრომელებისთვის დაყოვნებული თანხების გადახდაც“.
- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით ორგანიზაცია საკითხის ნიუანსირებულ შესწავლას გეგმავს რის შემდეგაც აკელიკ გრუპში დასაქმებულების მხარდასაჭერად სხვა სამართლებრივ ზომებსაც მიიღებს.

15 აპრილს, აკელიკის თანამშრომლები მარნეულის მერიის წინ კიდევ ერთხელ, უცვლელი მოთხოვნით, შეიკრიბნენ. თანამშრომლები მერიისაგან დახმარებას ითხოვენ, რადგან სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია მათ კუთვნილ ანაზღაურებას არ ურიცხავა.

კომპანიის თანამშრომლებს კიდევ ერთი აქცია მარნეულის მერიასთან 26 მარტს ჰქონდათ გამართული. მაშინ მათ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. აქციის გამართვის შემდგომ „აკელიკის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, რიმელსაც ზაურ დარგალიც ესწრებოდა. შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირობა მიიღეს, რომ ხელფასების ნაწილი რამაზანის თვის დაწყებამდე, ანუ 13 აპრილამდე ჩაერიცხებოდათ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღემდე, 15 აპრილამდე, მათ საბანკო ანგარიშებზე „აკელიკის“ მხრიდან ერთი თეთრიც კი არ დამჯდარა.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.

Print