ინფრასტურქტურის მინისტრის მოადგილე კომპანია აკელიკ გრუპის ხელმძღანელობას შეხვდება
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ორშაბათს, 19 აპრილს, კომპანია აკელიკ გრუპის ხელმძღვანელობას შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მარნეულში მიმდინარე წყალარინების სისტემის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, აკელიკ გრუპთან, ყველა ვალდებულება შეასრულა. მიუხედავად ამისა კომპანია საკუთარ თანამშრომლებს რამდენიმე თვის ხელფასს არ უხდის. მინისტრის მოადგილესა და აკელიკ გრუპის ხელმძღვანელობას შორის გასამართ შეხვედრაზე სწორედ აღნიშნული საკითხი იქნება განხილული.

კომპანია აკელიკ გრუპის თანამშრომლები მარნეულის მერიის წინ აქციებს უკვე რამდენიმე თვეა პერმამენტულად ატარებენ. მათი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა კომპანიის მიერ მათთვის გადაუხდელი შრომითი ანაზღაურების აღებაა. ისინი აცხადებენ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ.

კომპანიის თანამშრომლებს კიდევ ერთი აქცია მარნეულის მერიასთან 26 მარტს ჰქონდათ გამართული. მაშინ მათ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. აქციის გამართვის შემდგომ „აკელიკის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, რიმელსაც ზაურ დარგალიც ესწრებოდა. შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირობა მიიღეს, რომ ხელფასების ნაწილი რამაზანის თვის დაწყებამდე, ანუ 13 აპრილამდე ჩაერიცხებოდათ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღემდე, 15 აპრილამდე, მათ საბანკო ანგარიშებზე „აკელიკის“ მხრიდან ერთი თეთრიც კი არ დამჯდარა.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.

Print