რატომ არ იცრებიან მედმუშაკები მარნეულში? - შიში მეცნიერების პირისპირ
მარნეულში სამი დიდი კლინიკაა, მათგან ორი მრავალპროფილური. ერთერთში, მაგალითად, მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში, ყველაზე მეტი, 540 თანამშრომელია, „ჯეო ჰოსპიტალსში“ 242. ამას მივუმატოთ მუნიციპალიტეტის სოფლების 44 ექიმი. ბევრია პატარა ამბულატორია, სადაც სულ მცირე, ათი ადამიანი მაინც მუშაობს. ამ მონაცემებით მარტივია წარმოვიდგინოთ, მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს რამდენი წარმომადგენელია. ახლა კიდევ ერთი რიცხვი - 17 აცრილი მედმუშაკი თვენახევარში. მათემატიკის ცოდნა და ანგარიში არ სჭირდება იმას, რომ დავინახოთ, რამდენად უმნიშვნელოა ეს რაოდენობა მათ საერთო ჯამთან შედარებით.

სამედიცინო სფეროს მუშაკები, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, ვაქცინაციას ენთუზიაზმით არც მარნეულში შეხვდნენ, თუმცა, რეგიონში ასეთი დაბალი აქტივობის მოლოდინი მაინც არ იყო. მიზეზებზე ღიად არავინ საუბრობს, მაგრამ ანონიმურობის დაცვის პირობით, არც კითხვების დასმას ერიდებიან და არც საკუთარ შიშზე ლაპარაკს.
ვაქცინაციას პანდემიის დამარცხების ერთადერთ შესაძლებლობად მიიჩნევს 30 წლიანი სტაჟის მქონე მარნეულელი ექიმი. ამის მიუხედავად, პენსიონერი აცრის გაკეთებას ჯერ არ აპირებს. კითხვა ბევრი აქვს. ფიქრობს, რომ პასუხებს დრო გასცემს.

„არ მინდა, უბრალოდ მეშინია. მეშინია იმიტომ, რომ მგონი, არ არის ბოლომდე გამოკვლეული. წინათ ვაქცინას წლები უნდოდა, წლები. ახლა ძალიან სწრაფად გამოვიდა ეს, ერთი, მეორე, მესამე და არ ვიცი რა იქნება ორი წლის მერე, სამი წლის მერე. გამოდის სხვადასხვა, ნაირნარი შტამი და ეს ვაქცინა რომ გავიკეთო, ყველა შტამს უხდება? არ მგონია“, - გვეუბნება ექიმი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ ინფორმაცია წაიკითხა, მოისმინა კოლეგების მოსაზრებები. შედეგად მოცდა და დაკვირვება გადაწყვიტა.

„პანდემია მალე არ წავა, გვაქვს დრო, შევხედავ რა იქნება, შეიძლება გავიკეთო, მაგრამ ამჟამად არა“.

სამედიცინო სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ვაქცინას სიკვდილის შიშის გამო არ გაიკეთებს. კონკრეტულად რა აშინებს, არ ამბობს, თუმცა, იმ გავლენაზე საუბრობს, რაც მასზე ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის, გარდაცვალებამ იქონია. 18 მარტს ახალციხის კლინიკა „იმედის“ თანამშრომელს “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანეფილაქსიური შოკი განუვითარდა, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ჯერ არ მოუმზადებია. შესაბამისად, უცნობია კონკრეტულად რა გაქხდა ახალქაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. თუმცა ტრაგიკულმა შემთხვევამ, ჩვენი რესპონდენტის მსგავსად, ბევრს ათქმევინა აცრაზე უარი.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ წამიერად პაატა ხოლუაშვილიც შეაშინა. „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის მეანგინეკოლოგი იმ დროისთვის უკვე აცრილი იყო. მან მარნულში პირველმა გაიკეთა „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინა. ამბობს, რომ შიში მაშინვე გაქრა, როგორც კი დაფიქრდა და ყველაფერი აწონ-დაწონა. ექიმი იმუნიზაციას კაცობრიობის ერთადერთ ხსნად მიიჩნევს. დარწმუნებულია, რომ ვალდებული იყო, მოსახელეობისათვის მაგალითი მიეცა, დაეცვა პაციენტი და საკუთარი თავი.

„მე გავიკეთე პირველი დოზა ვაქცინის და დამიჯერეთ, ნემსის ჩხვლეტაც კი არ მიგრძვნია, არა თუ რამე გართულება, უკუჩვენება ან უკუმოქმედება. გავიკეთე მე „ასტრაზენეკა“, რომლის მიმართ იმდენად ცუდს და იმდენად ათას ჭორს არის აყოლილი მოსახლეობა, მაგრამ მე თავს ვგრძნობ გადასარევად. ამ მომენტისათვის ჩემი იმუნიტეტი 60%-ით დაცულია, მეორე ვაქცინის შემდეგ დამემატება კიდევ ის 25-35%, რომ მე უფრო თავისუფლად ვიცხოვრო და ვიმუშაო, ჩემს ახლობლებთან ერთად“.

17 მარტს, პაატა ხოლუაშვილთან ერთად, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ სამედიცინო სფეროს კიდევ ექვსი თანამშრომელი აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სამი დოზა გადაღვარეს. კიდევ 10 დოზა გაიხარჯა მომდევნო დღეს. მას შემდეგ ექიმები და ექთნები აღარ აცრილან. მაღალი აქტივობა მუნიციპალიტეტში არც 55 წელს გადაცილებულთა შორის შეინიშნება, თუმცა მათი რაოდენობა მედმუშაკებისას სამჯერ აღემატება. 27 აპრილის მონაცემებით ჯამში 100 ადამიანია აცრილი. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს თუ მოსახლეობის დიდ ნაწილს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებს, მათ შორის ვაქცინის რეკორდულ დროში შემუშავებასთან დაკავშირებით.
27 აპრილი - 55 წელს გადაცილებული მოქალაქეები ვაქცინის გასაკეთებლად რიგში დგანან
ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე ვაქცინების სწრაფად დამზადებას მსოფლიოში სამედიცინო სფეროს, უფრო კონკრეტულად კი მოლეკულური მედიცინის განვითარებად მიიჩნევს. კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი ფიქრობს, რომ მედიცინამ შეძლო და ფეხი აუწყო ცხოვრების ბევრად აჩქარებულ ტემპს.

„ეს დაჩქარებული შემუშავება, ერთი მხრივ, არის მიღწევა სამედიცინო ტექნოლოგიების, სამედიცინო მეცნიერების, მოლეკულური მედიცინის განსაკუთრებით და რასაკვირველია, გარკვეული სკეპტიციზმი არის მათგან, ვინც ფიქრობს, რომ ჯერ საკმარისი ინფორმაცია არაა დაგროვებული, მაგალითად, შორეულ შედეგებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, ძალიან ბევრი ვიცით უკვე ძალიან სწრაფ რეაქციებზე. იგივე, ანაფილაქსიის შესახებ, რომელიც მილიონში სადღაც შვიდ შემთხვევამდეა საშუალოდ და ასევე იმ გვერდით მოვლენებზე, რომელიც რასაკვირველია, არის დაკავშირებული ვაქცინაციასთან, რასაც ყველას ღიად ვეუბნებით თავად ვაქცინაციის დროსაც“.

ექიმი ფიქრობს, რომ რაც მეტი ეცოდინება ადამიანებს ახალი ვაქცინების, მათი სტრუქტურის, გვერდითი ექფექტების შესახებ, მით უფრო გაუმარტივდება აცრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. ამიტომაც დაწვრილებით პასუხობს ყველა კითხვას, რაც მოსახლეობას დაუგროვდა. ალერგოლოგ-იმუნოლოგი აფრთხილებს იმ გართულებების შესახებ, რაც, შესაძლოა, იმუნიზაციამ გამოიწვიოს. პაციენტი შეიძლება შეაწუხოს ტკივილმა ვაქცინის გაკეთებისას, პირველი შვიდი დღის განმავლობაში სიწითლემ, დაჭიმულობამ, დაღლილობამ, სისუსტემ, ტემპერატურის შეგრძნებამ, იშვიათად ტემპერატურის მომატებამ, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილმა. გიორგი კამკამიძე განმარტავს, რომ ეს გართულებები მარტივად მართვადია და ძირითადად ვაქცინის გაკეთებიდან ორი-სამი დღის ვადაში გადის.

ერთადერთი მძიმე გართულება, რაც ვაქცინაციას შეიძლება მოჰყვეს, ანაფილაქსიური შოკია. ამ დროს პაციენტს ინტენსიური თერაპია სჭირდება. რადიო “მარნეული“ დაინტერესდა, რამდენად მზად არის მარნეულში იმუნიზაციის ჯგუფი მსგავსი დახმარების აღმოსაჩენად. მარენულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა განგვიმარტა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის პროცესის დროს მობილიზებულია სპეციალურად დატრენინგებული რეანიმატოლოგების ჯგუფი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატურად იმოქმედებს.
27 აპრილი - პაციენტი აცრის გაკეთების შემდეგ დაყოვნების ოთახში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება
მოსახლეობას ინფორმაცია არც იმის შესახებ აქვს, აცრამდე საჭიროა თუ არა რიამე სახის კვლევის ჩატარება ან ქრონიკული დაავადებების დროს შიეძლება თუ არა ვაქცინის გაკეთება. 30 წლიანი სტაჟის მქონე ექიმის დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ სიახლის მიღება ექიმებსაც უჭირთ. მედმუშაკს, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, უკვირს, რომ ვაქცინის გაკეთებამდე მოქალაქეები სამედიცინო გამოკვლევებს არ იტარებენ.

„ბავშვს რომ ვუკეთებდით ვაქცინას, სრულიად ჯანმრთელი უნდა ყოფილიყო. ყველა პარამეტრი უნდა ჰქონოდა ნორმალური, თუ უბრალო სურდოც კი ჰქონდა, არ უკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ ერთი თვე ჯანმრთელი უნდა იყოს, რომ გავუკეთოთ ანალიზი. ახლა თუ თვითონ ადამიანია შეგნებული და ემზადება ვაქცინის გასაკეთებლად და მიდის ექიმებთან და გამოკვლევებს იტარებს სხვაა, მაგრამ აი, ასე რომ შეყრიან და მითუმეტეს, ხანში შესულ ხალხს, რომლებსაც ყველას სხვადასხვა დაავადება აქვს, მემგონი, ასე არ შეიძლება. უბნის ექიმები არსებობენ, ოჯახის ექიმი არსებობს, იმათთან მაინც უნდა მივიდნენ და გაარკვიონ რამე, მე ეს მიკვირს“.

მარნეულელი ექიმის სკეპტიკურ დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირის გავლენას უკავშირებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე. მისი განმარტებით, საქართველოში და მის სამეზობლოში, აზერბაიჯანსა და სომხეთშიც, ვაქცინაციისადმი ძველი დამოკიდებულებაა შემორჩენილი. მაშინ ძალიან გრძელი ჩამონათვალი არსებობდა, თუ როდის არ შეიძლებოდა ვაქცინის გაკეთება.

„დასავლური და უფრო ცივილიზებული ქვეყნების მიდგომით, უფრო მცირე ჩამონათვალია რომლის დროსაც უნდა გადავადდეს ვაქცინაცია. ქრონიკული დაავადებებში გადაუდებელი და გეგმიური ვაქცინაციის დროსაც უკუჩვენება არ არის. პირიქით, იმ ადამიანებში ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, გაცილებით რთულად მიმდინარეობს კორონავირუსის დაავადება, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მატარებელ და ხანდაზმულ საზოგადოებაში. ამიტომაც, ისინი წარმოადგენენ პირველი რიგის სამიზნეს ვაქცინაციისთვის. ვაქცინაციის გადავადება იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც ადამიანს აქვს ტემპერატურა. ტემპერატურის კლების შემდგომ კი ჩვეულებრივაა შესაძლებელი ვაქცინის გაკეთება. პირველ რიგში რასაც ვაქცევთ ყურადღებას, ეს არის კორონავირუსული ინფექცია ვაქცინაციის მომენტში ან შეიძლება ზოგადად ჰქონდეს ადამიანს ინფექცია და ჯერ არ ჭირდებოდეს ვაქცინაცია, ეს კი ნამდვილად სასურველია, რომ იქნას დაზუსტებული ვაქინაციის წინ, თუმცა რომც ჰქონდეს გადატანილი კორონავირუსული ინფექცია, ეს არანაირად არ მოახდენს ვაქცინაციის შემდგომ გართულებას. შესაბამისად, რაიმე დამატებითი მომზადება ვაქცინის გაკეთებამდე არაა საჭირო“ - გვიხსნის გიორგი კამკამიძე.

ვაქცინაციამდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა იმუნიზაციის პროცესის ნაწილია.
27 აპრილი - ვაქცინის გაკეთებამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევენ
ვაქცინის გაკეთების მსურველს ეკითხებიან არის თუ არა ალერგიული, ჰქონია თუ არა ანაფილაქსიური შოკი რომელიმე მედიკამენტის მიმართ, აქვს თუ არა რაიმე სახის დაავადება და როგორია ზოგადად მისი ანამნეზი, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„პროცესი თავიდან ბოლომდე მოიცავს დაახლოებით ერთ საათს. პროცესი იწყება ექიმთან გასაუბრებით, რომელსც აქვს სპეციალური კითხვარი რისი მეშვეობითაც არკვევს პაციენტის ანამნეზს, ანუ როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს მას. მას შემდეგ, რაც ექიმი ამ კითხვარს შეავსებს და ჩათვლის, რომ ადამიანს შეიძლება, რომ ვაქცინაცია ჩაუტარდეს, მას ყველა წესის დაცვით უკეთდება ვაქცინის ინექცია, რომლის შემდეგაც პაციენტი გადადის დაყოვნების სივრცეში, სადაც ატარებს 45 წუთს. იქ იმყოფება დაკვირვების ქვეშ. მისი მდგომარეობა სისტემატურად კონტროლდება და მცირედი ჩივილის შემთხვევაშიც, მზად ვართ, რომ სრული მოცულობის შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ“, - გვიყვება მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ტატა შენგელაია

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი მუნიციპალიტეტში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაა შესაძლებელი. მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსს“ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 17 მარტს 1 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გადასცა. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ვაქცინის მხოლოდ 100 დოზაა გახარჯული.
მარნეულში ვაქცინის 900 დოზა მაცივარში ინახება
მარნეულში მოსახლეობას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით შეუძლია აცრა. საქართველოში კი სამი სახის ვაქცინაა შემოტანილი: ბრიტანულ-შვედური Oxford-straZeneca, აშშ-გერმანული Pfizer/BioNtech Biotech და ჩინური Sinopharm-ი. „სინოფარმი“, ამ დროისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული არ არის.
ექიმი გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ ვაქცინებს შორის სხვაობა მხოლოდ მათი დამზადების ტექნოლოგიაშია. სხვა მხრივ, ერთნაირი ფუნქცია და შედეგი აქვთ. ალერგოლოგ-იმუნოლოგი გვიხსნის, თუ რა პრინციპით არის დამზადებული თითოეული.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აცრა შეუძლია 55 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მსურველს, მათ შორის დიალეზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს, მიმართვიანობა ძალიან დაბალია, არა მხოლოდ მარნეულში, არამედ მთელ ქვეყანაში. ამის გამო, საქართველოს მთავრობამ 19 აპრილს საყოველთაო იმუნიზაციისათვის მოქალაქეთა წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო სპეციალურ პორტალზე https://www.moh.gov.ge. დარეგისტრირებანებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია, თუმცა, უცნობია, როდის დაიწყება უშულაოდ იმუნიზაცია.

ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი გიორგი კამკამიძე აუცილებლად მიიჩნევს ვაქცინაციის გაცილებით უფრო სწრაფ და ყოვლისმომცველ კამპანიას. მასობრივი იმუნიზაციის მისაღწევად საჭიროა, ვაქცინაციის პროცესში ჯანდაცვის პირველადი რგოლიც ჩაერთოს და აცრა მცირე ზომის სამედიცინო დაწესებულებებშიც დაიწყოს. სხვა შემთხვევაში შედეგს, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა დაცული იქნება, საქართველო ვერ მიაღწევს.
საქართველოს სამედიცინო სფეროს 71 000-ზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს. 23 აპრილის მონაცემებით, აცრილია მხოლოდ 5 000.

წელიწადზე მეტი გავიდა საქართველოში კორონავირუსის ფაქტის დადასტურებიდან. 27 აპრილის მონაცემებით, აღრიცხულია 305 850 ინფიცირების შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 287 938 ადამიანი. COVID-19-ით 4 060 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 17 ბოლო 24 საათში. სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი უშუალოდ არის ჩართული უხილავ ვირუსთან ბრძოლაში, რის გამოც საკუთარ და ოჯახის წვრების ჯანმრთელობას დებენ სასწორზე. თუმცა, ამის მიუხედავად, მათ და მოსახლეობის დიდ ნაწილს, კორონავირუსზე მეტად მაინც აცრა აშინებს. მიზეზს კი სახელად მეცნიერების პროგრესი ჰქვია.

Print