გიორგი მუმლაძე და კიდევ ხუთი აქტივისტი ბოლნისის სასამართლოში გადაიყანეს
გიორგი მუმლაძე და კიდევ ხუთი აქტივისტი დააკავეს და ბოლნისის სასამართლოში გადაიყანეს. ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები მარნეულიდან ბოლნისში მიემართებიან. მარნეულის მერიასთან დღეს რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ მისი ძმა, სიმონ მუმლაძე, მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოდან მისი აქტივობის გამო გაანთავისუფლეს.

სწორედ ამ მიზეზით გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან საპროტესტო აქცია და რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა.

„ამ სისტემის უკიდურესი უსუსურობა რა არის, გვითხრეს რომ დაკავებულები გადმოიყვანეს მარნეულის მაგისტრის სასამართლოში. მიიღეს პროტესტი, ამ პროტესტის თავიდან აცილების მიზნით დაკავებულები ახლა წაიყვანეს ბოლნისში. ჰგონიათ, რომ ბოლნისში ვერ ჩავალთ. ყველგან ჩავალთ. ყველგან მივწვდებით ივანიშვილს. ივანიშვილი ვერ გაიქცევა ის არის შემქმნელი ამ მახინჯი და ბოროტი სისტემის. ყველა პოლიციელი, რომელიც უკანონო დავალებას ასრულებს, ყველა პოლიციელი ვინ ემსახურება საქართველოში მინი რუსეთის გაკეთებას, ეს ადაიანები ყველა აღმოჩნდებიან ბრალდებულის სკამზე“ - თქვა აქტივისტმა ალიკა კუპრავამ.

აქტივისტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.


აღსანიშნავია, რომ მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელმა საწარმომ სიმონ მუმლაძეს ხელშეკრულება 26 აპრილის შემდგომ აღარ გაუგრძელა. სიმონ მუმლაძე აღნიშნულ საწარმოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ განთავისუფლების დროს მის ძმას ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელმა ირაკლი ბურნაძემ განუცხადა, რომ ის აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან კავშირში არ იყო და მითვის ხელშეკრულების არგაგრძელების შესახებ ბრძანება მარნეულის მერიისაგან მიიღო.


Print