წითელი ჯვარი მარნეულის სოფლებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით ფლაერებს დაარიგებს
საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალი, მარნეულის მერიის დახმარებით, სოფლებში კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას იწყებს. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში წითელი ჯვრის გადამზადებული მოხალისეები მარნეულის სოფლებში საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის თავმჯდომარე ნანა ტალახაძემ თქვა, საინფორმაციო ფლაერები სამ, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ, ენაზეა დაბეჭდილი.

„არ აქვს მოსახლეობას ინფორმაცია სოფლებში, ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ კი ჩვენ გვინდა აცრაო, მაგრამ თანხა არ გვაქვსო. ზოგს ფასიანი ეგონა, ზოგმაც ისეთი პასუხები გაგვცეს, რომ საქართველოში ვაქცინა არცაა შემოტანილიო და სწორედ ამიტომ ვაწარმოებთ კამპანიას. რომელიმე ვაქცინას რეკლამას ჩვენ არ ვუკეთებთ, ამის უფლება არც გვაქვს და ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, ჩვენ მათ ვეუბნებით და ვუთითებთ საიტს, თუ სად შეუძლიათ დარეგისტრირება, ვეუბნებით, რომ ვაქცინაცია არის უფასო და გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ“ - გვითხრა ნანა ტალახაძემ

4 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, მარნეულის მერის მოვალეობის შემსურლებელსა და მის მოადგილეს შორის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„შეხვედრაზე ვაქცინაციის კამპანიაში წითელი ჯვრის ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. ასევე, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები, მარნეულის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის წარმატებით განხირციელებისთვის“. - აღნიშნულია მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის თავმჯდომარე ნანა ტალახაძემ განაცხადა, რომ პროექტი, რომლის ფარგლებშიც მარნეულში კორონავირუსის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია უნდა განხორციელდეს მოხალისეების ტრანსპორტირებას არ ითვალისწინებს, სწორედ ამიტომ მარნეულის მერიისაგან მიიღეს პირობა, რომ ცენტრიდან მოშორებით და მაღალმთიან სოფლებში წითელი ჯვრის მოხალისეების ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს. მერია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით, წითელი ჯვრის მოხალისეებს მოსახლეობის თავშეყრის ადგილებშიც მიიყვანს, რათა საინფორმაციო კამპანია განახორციელონ.

საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალი საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას აპირებს რვა მაისსაც. 8 მაისი მოხალისეთა საერთაშორისო დღეა რასთან დაკავშირებითაც წითელი ჯვარი სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები