მარნეულში "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყო
მარნეულში „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი დღეს, 5 მაისს, დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს. გოჩა ხვიჩია ერთ-ერთი პირველია იმ ადამიანებიდან, ვინც 5 მაისს ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

„ ვთვლი, რომ ვქცინა არის კოვიდის დამარცხების ერთადერთი საშუალება. სწორედ ამიტომ დავრეგისტრირდი იმ დღესვე, როგორც კი ამის საშუალება მომეცა. დავრეგისტრი მარნეულში, ვინაიდან სხვაგან ადგილები აღარც იყო. გავიკეთე ჩინური ვაქცინა და მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობამ მაინც უნდა გავიკეთოთ ეს ვაქცინა, რომ ბოლო მოვუღოთ ძალიან ცუდ დაავადებას და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, როგორც ვცხოვრობდით 2020 წლამდე. თავს ვგრძნობ არაჩვეულებრივად. დაახლოებით 15 წუთის წინ გავიკეთე ვაქცინა და ახლა 40 წუთიანი მოცდის პერიოდი მაქვს, ნახევარ საათში გავალ კლინიკიდან“, - თქვა გოჩა ხვიჩიამ

სინოფარმის ვაქცინით მარნეულში 5 მაისს, 50-მდე ადამიანი აიცრება, რამდენი მარნეულელი დარეგისტრირდა კოვიდვაქცინაზე, ამის დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. იმუნიზაციაში ჩართვა სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებსაც შეუძლიათ. სამედიცინო ჰოსპიტალში ჩვენი ყოფნის პერიოდში ვაქცინირებული ადამიანებიდან უმეტესობა თბილისიდან ჩამოსულები იყვნენ. ასიმა იბრაჰიმი ირანიდანაა, უკვე ხუთი წელია საქართველოში ცხოვრობს და ტურიზმის სექტორშია დასაქმებული. იმუნიზაციას კორონავირუსის დამარცხების საშუალებად მიიჩნევს.

„მე დღეს მოვედი აქ იმიტომ, რომ გავიკეთო ვაქცინა. ძალიან დამღალა კორონავირუსმა და მინდა, რომ დასრულდეს ეს პანდემია“ - თქვა ასმა იბრაჰიმმა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი იოსებ მგალობლიშვილი ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

„ვაქცინაცია მიმდინარეობს დაგეგმილი ტემპის მიხედვით. ჩვენ დღეს ჩაწერილი გვყავს 42 პაციენტი. ეს არის მაქსიმალური რაოდენოდენობა რაც ერთი დღის განმავლობაში შეგვიძლია მივიღოთ. სრულად შევსებულია სიები. უკვე ვაქცინირებულია ათზე მეტი პაციენტი. როგორც ხედავთ, რიგში კიდევ დგანან სხვა პაციენტები. ისინი 40 წუთის განმავლობაში გადადიან ცალკე ოთახში ისე, რომ დინტანცია უნდა იყოს დაცული 2 მეტრით. ამ რეკომენაციებს ვიცავთ და კომისიაც გავლილი გვაქვს. ახლა არ მაქვს ინფორმაცია რამდენია ადგილობრივი ვინაიდან, ვაქცინა ხელმისაწვდომია საქართველოს ნებსმიერ რეგიონში ნებისმიერი მოქალაქისთვის“-, ამბობს იოსებ მგალობლიშვილი

საქართველომ „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა და 100 800 ცალი შპრიცი 30 აპრილს მიიღო. რეგისტრაცია booking.moh.gov.ge საიტზე 18 + მოქალაქეებს შეეძლოთ. მარნეულში სინოფარმით ვაქცინაცია 5 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით არის დაგეგმილი. მარნეულში, ასტრაზენეკას ვაქცინა პრაქტიკულად აუთვისებელია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები