მარნეულის თეატრი ერთწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე პრემიერით ბრუნდება
ერთწლიანი პაუზის შემდეგ მარნეულის თეატრი ახალი სპექტაკლით ბრუნდება. ალექსი ჩიკვინაძის პიესა „მარინა რევია“-ს მიხედვით დადგმული პიესის პრემიერა მარნეულის თეატრში 12 მაისს გაიმართება.

როგორგც რეჟისორი გოჩა ხვიჩია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, სპექტაკლი ერთი ოჯახის ურთიერთობებზე, გაუცხოებაზე, სიყვარულზე, სიცივესა და თანაგრძნობაზეა.

„ცოტა განსხვავებული ფორმით დახვდება სპექტაკლი მაყურებელს. სახლში გათამაშდება ყველაფერი და აქვე, სახლში, სხედან მაყურებლებიც და ფაქტიურად სახლის ყრუ კედლების ფუნქციას შეითავსებენ“ - ამბობს გოჩა ხვიჩია

ხვიჩიას განმარტებით, სპექტაკლის პრემიერა გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო პრემიერის გადადება მოუწიათ.

ერთი ოჯახის ისტორიას ოთხი მსახიობი მოჰყვება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მსახიობები ამბობენ, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნება მათთვის სასიხარულოა.

„თვითონ პიესა თავისთავად საინტერესოა, რა თქმა უნდა, სიყვარულის სინთეზია, სიკეთე, მონატრება, ცოტა ბოროტებაც, ყველაფერი. რეჟისორთან მუშაობაც ძალიან საინტერესოა, საინტერესო გარემო შექმნა ჩვენმა მხატვარმა, ძალიან საინტერესო პარტნიორები მყავს და დანარჩენს მაყურებელი უკვე აქ ნახავს“ - თქვა მარინა ჯოხაძემ

„შარშან როგორც კი შეწყდა ამ პიესაზე მუშაობა ახლა თითქოს დრო გადაიხვია და დავბრუნდით იმ რეალობასთან სადაც გავჩერდით. ერთი წელი ბევრია, რა თქმა უნდა, როდესაც სცენაზე არ დგეხარ და არ გიწევს თამაში და ველოდებით მაყურებლებსაც და მათ რეაქციასაც, თუ როგორ შეხვდებიან ამ სპექტაკლს. ბედნიერი ვარ და მიხარია რომ დავბრუნდით და ვაგრძელებთ მუშაობას. როლზე არაფერს არ გაგიმხელთ, მობრძანდით და ნახავთ“ - ამბობს ზურა ხაფთანი

„მართლა ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდისა და ამხელა პაუზის შემდეგ დაბრუნება. მაყურებელი მოგვენატრა, ჩვენ მოვენატრეთ მაყურებელს, მივაჩვიეთ მარნეულის მაყურებელი თეატრალურ ცხოვრებას ახალ-ახალ პრემიერებს, ასე რომ დავბრუნდით და იმედია ასეთივე შემართებით გავაგრძელებთ“ – გვითხრა ქეთევან აბაშიძემ

„ერთი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ როგორც იქნა დაგვადგა საშველი და დავბრუნდით სცენაზე. პიესაზე ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ნამდვილად კარგი პიესაა. ამ შემთხვევაში არის ერთ ოჯახზე, თუმცა ადამიანებზე და ადამიანური პრობლემებია და ვფიქრობ რომ მაყურებელი დაინტერესდება“ - ამბობს თათია თათარაშვილი

სპექტაკლის პრემიერა 12, 13 და 14 მაისს 16:00 საათზე გაიმართება. როგორც რეჟისორი განმარტავს, სპექტაკლის დაწყების დრო კომენდანტის საათიდან გამომდინარე განისაზღვრა, რათა თბილისიდან ჩამოსულმა მაყურებელმა სახლში დაბრუნება მოასწროს.

Print