სიახლე
მარნეულის თეატრში სპექტაკლ „მარინა რევია“-ს პრემიერა შედგა
დღეს, 12 მაისს, მარნეულის თეატრში, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, სპექტაკლ „მარინა რევია“-ს პრემიერა შედგა. სპექტაკლი ერთი ოჯახის ურთიერთობებზე, გაუცხოებაზე, სიყვარულზე, სიცივესა და თანაგრძნობაზეა.

რეჟისორის გოჩა ხვიჩიას განმარტებით, სპექტაკლის პრემიერა გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო პრემიერის გადადება მოუწიათ.

„ცოტა განსხვავებული ფორმით დახვდება სპექტაკლი მაყურებელს. სახლში გათამაშდება ყველაფერი და აქვე, სახლში, სხედან მაყურებლებიც და ფაქტიურად სახლის ყრუ კედლების ფუნქციას შეითავსებენ“ - ამბობს გოჩა ხვიჩია

სპექტაკლის პრემიერას მარნეულის მერიის წარმომადგენლები და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალიც ესწრებოდნენ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ზაურ დარგალი აცხადებს, რომ სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მარნეულს კარგად ჩამოყალიბებული თეატრალური დასი ჰყავს.

„მიხარია, რომ მარნეულში კულტურის ცენტრთან არსებული ძალიან კარგი თეატრალური დასი შეიქმნა. დღეს ჩვენ ვნახეთ უმაღლესი დონის სპექტაკლი. ამ სპექტაკლზე პანდემიამდე მუშაობდნენ, თუმცა ვერ მოხერხდა ამ სპექტაკლის პრეზენტაცია და ძალიან მიხარია, რომ დღეს ვნახეთ ეს შესანიშნავი სპექტაკლი“. - აცხადებს ზაურ დარგალი

სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარიამ ჭოხონელიძე ამბობს, რომ სპექტაკლმა ის ემოციები დაუბრუნა, რომელსაც ერთწლიანი პაუზის შემდეგ ყველა მაყურებელი ელოდა.

„ამდენხნიანი პაუზის შემდეგ ყველა ადამიანს, ვისაც თეატრი უყვარს, დაგვაკლდა ის ემოციები რაც დღეს ჩვენმა შესანიშნავმა მსახიობებმა, რეჟისორმა და მთელმა გუნდმა მოგვცა. ეს ნამდვილად შესანიშნავი სპექტაკლი იყო, რომლისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მასზე მუშაობდა“. - ამბობს მაირამ ჭოხონელიძე

„ძალიან ნასიამოვნები ვარ პირადად მე და ალბათ ყველა, ვინც სპექტაკლი ნახა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, უფრო მეტად კულმინაცია და ვისურვებდი, რომ ხშირად იყოს მსგავსი საღამოები მარნეულში“. - გვითხრა ანი ნოზაძემ

სპექტაკლის ჩვენება 13 და 14 მაისსაც, 16:00 საათზე, გაიმართება. როგორც რეჟისორი განმარტავს, სპექტაკლის დაწყების დრო კომენდანტის საათიდან გამომდინარე განისაზღვრა, რათა თბილისიდან ჩამოსულმა მაყურებელმა სახლში დაბრუნება მოასწროს.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია