24 მაისს, ღამის საათებში, მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.
23 წლის კაცი ბაქოს ქუჩაზე მისმა მეზობელმა მოკლა.
გარდაცვლილის მეზობლები რადიო "მარნეულთან" არ საუბრობენ თუ რამ
გამოიწვია დაპირისპირება.
"მგონი ვიღაცის დაბადების დღე იყო, სუფრა იყო გაშლილი და
იქ იყვნენ ორივე. ორივე ნასვამი იყო. მერე გვერდზე გავიდნენ და დანით
მიაყენა ჭრილობები" - გვიყვება მეზობელი
მისი განმარტებით
გარდაცვლილს ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა
მიყენებული.
მკვლელობიდან ცოტა ხანში მოსახლეობის ნაწილმა იმ პირის სახლის დაწვა
სცადა ვინც 23 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
დღეს, 25 მაისს, იმ პირის საცხოვრებელ სახლში, ვინც მეზობელს
სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო
მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ
მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა
ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად
მცხოვრებ ახლობელს - 1998 წელს დაბადებულ რ.გ.-ს ცივი იარაღის
გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი
ადგილზე გარდაიცვალა". - აცხადებს შსს
მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსისი 180-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რადიო "მარნეული"