საქართველოს დროშები და მისალოცი პლაკატები - მარნეულის მერიამ ადგილობრივებს დამოიკედებლობის დღე მიულოცა
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარნეულში, რუსთაველის ქუჩის ნაწილზე და მერიისა და კულტურის სახლის შენობებზე სახელმწიფო დროშები და მისალოცი პლაკატები გამოფინეს.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მუნიციპალიტეტში წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური ღონისძიებებით, მარნეულში, არც გასულ წელს აღნიშნულა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ისევე, როგორც წელს, 2020 წელს მარნეულელებს დამოუკიდებლობის დღე დროშების გამოფენით მიულოცა.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიიღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. საქართველოს დამოუკიდებლობიდან 103 წელი გავიდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები