კირაჩ მუღანლოელი ქალი მეზობელს საქონლის მის სახლთან გატარების გამო ედავება

მარნეულის რაიონის სოფელ კირეჩ მუღანლოს მაცხოვრებელი, 60 წლის, რენა მამედოვა სახლის პირას გავლილი საქონლის გამო მეზობელთან დავობს.

მისი თქმით, მეზობელი და ნათესავი იმამიარ მამედოვი ყოველ დილას და საღამოს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მისი სახლთან ახლოს ატარებს. აცხადებს, რომ საქონელი ყოველი გავლისას მის კუთვნილ მიწას აზიანებს. მამედოვა ითხოვს, რომ მეზობლებმა საქონელი მის მიწაზე არ გაატაროს.

„გზის ნახევარი საქონელმა წაიღო. სეტკა სულ გააფუჭეს. აქ 1 მეტრის გზაა. აქედან არავინ არ დადის. როცა წყალდიდობაა, წვიმს, წყალი სულ აქედან მიდის. ესენი ქურდების ნაკრები არიან. 70 სული საქონელი თავისია 20 კიდევ მეგობარი ჰყავს ქურდი და იმის საქონელია. საქონელი აქედან მიყავთ და გამიფუჭა სულ ყველაფერი. მეც იმ ქურდის დედას და მამას დავუძახე და ველაპარაკე. იქაც გავაკეთე გზა სადაც დენის გენერატორი დგას, ვუთხარი მოდით აქედანაც დავკეტოთ მეთქი. მე გავაფრთხილე, რომ საქონელი აქ არ გაუშვან. ეს გზა მაინც არ დაკეტეს, საქონელი მიგვყავსო. მეთქი კარგი, მაგრამ მე სახლში არ ვიმყოფები სკოლაში ვარ ხოლმე და გაუფრთხილდით, რომ საქონელმა არაფერი არ დამიზიანოს მეურნეობაში თქო. სკოლიდან რომ მოვდივარ ჭიშკართან სახლში ვერ შეხვალ ისეთ დღეშია ხოლმე აქაურობა. იქიდან ორი გზა აქვთ, ერთი საძოვრებზე მიდის დიდი სამანქანო გზაა, მეორე კი სახლის პირასაა ქვემოთ მიდის. მაგრამ მაინც ამ გზიდან ატარებენ“ - ამბობს რენა მამედოვა

მამედოვას მეზობელი იმამიარ მამედოვი კი ამბობს, რომ ტერიტორია, რომელზეც პირუტყვს საბალახომდე მისასვლელად ატარებს, სახელმიწფოს საკუთრებაშია. ისინი წლებია რაც ცხოველების გასატარებლად ამ ადგილა იყენებენ და შესაბამისად მამედოვას ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

„რამდენი წელია მეზობლები ვართ. 1996 წელს მიჩივლა და დამაკავეს. ციხიდან გამოვედი და ისევ დაიწყო ჩემთან დაპირისპირება. ახლა მეუბნება შენი საქონელი აქედან ვერ გაივლისო და რატომ? მითხრა, 10 შირვანი გაქვს ჩემთვის მოსაცემიო. მივეცი და შუაზე გახია, პრინციპით აკეთებს. მაგას კანონით აქ მიწაც არ აქვს. ამბობს, მე რასაც ვამბობ ისე იქნებაო, მთავრობა ვინ არისო? აი მოდთ გადაიღეთ და ნახეთ ახლა საქონელი რომ გადის მისი არაფერი ფუჭდება“ - ამბობს იმამარ მამედოვი

იმამარის მსგავსად ფიქრობს მისი შვილი გამბარ მამედოვიც. მისი თქმით, საძოვრებამდე მისასვლელი ალტერნატიული გზები მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისათვისაა განკუთვნილი და იქ საქონელი ვერ გაივლის.

მეზობლებმა პრობლემის მოგვარებისათვის კაჩაგნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის რწმუნებულსაც მიმართეს, მაგრამ მათი დავა ამ დრომდე გრძელდება.

„ეს ტერიტორია საერთო სარგებლობაშია. სოფლის ყველა მაცხოვრებელს აქვს ამ ტერიტორიით სარგებლობის უფლება და ამ გზის ჩაკეტვა არ შეიძლება. ეს არის სახელმიწფო ტერიტორია და არავის აქვს უფლება დაკეტოს. ჩვენ ორივე მხარეს ველაპარაკეთ. იმ ადამიანს ავუხსენით, რომ საქონლის წაყვანის დროს არ დააზიანოს ქლბატონის მეურნეობა. ორივეს ვესაუბრეთ რომ მეზობლური ურთიერთობა არ გაუფუჭდეთ“. - თქვა ეჰთიმარ ამირხანლიმ

რადიო "მარნეულთან" საუბრისას კაჩაგნის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული ეჰთიმარ ამირხანლი ამბობს, მეზობლებს შორის სადავო ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაშია და შესაბამისად მას არ აქვს უფლება ვინმეს ამ გზით სარგებლობა აუკრძალოს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები