„მე პარაკლისზე დამპატიჟეს“ - თამაზ ნავერიანი შს მინისტრთან, მეუფე გიორგისთან და გიორგაძესთან გადაღებულ ფოტოზე
5 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელდა, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის, მარენულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი (ჯამდელიანი), მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის და ყოფილი პარლამენტარის თამაზ ნავერიანის ერთობლივი ფოტო. 

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარენულის ყოფილამ მაჟორიტარმა თამაზ ნავერიანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი არ ყოფილა.

„პარაკლისი გადაიხადა მეუფემ და დამპატიჟეს ამასთან დაკავშირებით. მეტი ჩემთან არაფერზე ჰქონიათ საუბარი და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზეც არანაირი საუბარი არ ყოფილა“ - განაცხადა თამაზ ნავერიანმა

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ხუთ ივნისს გამართული შეხვედრა მეუფე გიორგისა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის შერიგებას ნავერიანი გვპასუხობს, რომ ის მხოლოდ პარაკლისს ესწრებოდა და სხვა ინფორმაცია არ აქვს.

„თუ ვინმე სადმე რიგდება ზოგადად ძალიან კარგია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არანაირად. მე დამპატიჟეს პარაკლისზე, მივედი და წამოვედი იმ პარაკლისიდან, ჩვეულებრივად მივიღე მონაწილეობა. ვინ ვისთან რიგდება ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა და ეს პიროვნულად მათი საქმეა თუ ვინ ვისთან დალაგდება და შეურიგდება“ - გვითხრა თამაზ ნავერიანმა

რადიო „მარნეულის“ ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი (ჯამდელიანი). რადიო „მარნეული“ ამ დრომე ელოდება კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროდან თუ რა მიზნით იყო შს მინისტრი მარნეულის და ჰუჯაბის ეპარქიაში ჩამოსული.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 9 ოქტომბერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისწამებულური კამანია იყო აგორებული.

„აქ არის ერთი ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია დღევანდელ „ქართული ოცნების“ შტაბში, ადგილობრივი „ქართული ოცნების“ შტაბში მოკალათებული პიროვნებები. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ წინასაარჩევნოდ დაკავებულები არიან ამ ცილისმწამებლური კამპანიით და მიზანმიმართულად ხალხი შეჰყავთ შეცდომაში. ზოგზე მოტყუებით, ზოგზე გამოგონილი ბრალდებით და ზოგზეც ზეწოლით რაღაც ხელმოწერებს აგროვებენ. ეს არის დადასტურებული ფაქტი... ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი სახელს და გვარების დასახელებისაგან. მაგის დროც მოვა, როცა მაგაზე ვისაუბრებ“ - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა 9 ოქტომბერს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას

9 ოქტომბერს სპეციალური განცხადება გავრცელდა მარნეულისა და ჰუჯაბის ფეისბუქ გვერდზეც სადაც აღნიშნული იყო, რომ მეუფე გიორგი ჯამდელიანს ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ წევრის თემურ შუბითიძის ცემაში და მისი გადადგომის მოთხოვნით მუნიციპალიტეტში ხელმოწერებს აგროვებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები