მარნეულის მერია 5 მინი სტადიონის მოსაწყობად 701 985 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხუთ სოფელში მინი ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონების მოწყობისა და რეაბილიტაციისათვსი 701 985 ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა.

ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ხიხანში არსებულ კომბინირებულ მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანის გარემონტებას 105 097 ლარად აპირებს.

ოთხ სოფელში ახალი სტადიონების მშენებლობა იგეგმება, თითოეული მათგანის მოწყობისათვის კი ბიუჯეტში 149 222 ლარია გამოყოფილი.

ახლოლალო, ენიქენდი, სოფელ კაჩაგნის N1 საჯარო სკოლა და სოფელი ქეშალო - ეს ის ადგილებია სადაც მარნეულის მერია 2021 წელს კომბინირებულ მინი სტადიონებს მოაწყობს.

აღსანიშნავია, რომ მინი სტადიონების მოწყობისათვის მარნეულის მერიამ ტენდერები გასულ წლებშიც გამოაცხადა. 2020 წლის სექტემბერში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ოთხი სტადიონის მოწყობის ტენდერი გამოაცხადა, თითოეული სტადიონის მოსაწყობად 67 796 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, ამდენივე თანხა დაიხარჯა ერთი სტადიონის მოსაწყობად 2019 წელსაც, მაგრამ 2021 წელს თითო სტადიონის მშენებლობის სავარაუდო თანხა 81 426 ლარითაა გაზრდილი.

2021 წლის 4 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე სტადიონების მშენებლობის თანხის გაზრდას დაუჭირეს მხარი. როგორც საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, წელს მუნიციპალიტეტი საერთო ჯამში 10 მინი სტადიონის მოწყობას აპირებს, რისთვისაც მერიას ბიუჯეტში თანხაც ჰქონდა გათვალისწინებული, მაგრამ საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღების შემდგომ დამატებით 615 000 ლარის გამოყოფა გახდა საჭირო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები