მარნეულელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის და კასუმლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. ლამარა ბოლქვე 25 წელია, რაც პედაოგად მუშაობს. ამბობს, რომ კონკურსზე გასვლა მისი ინიციატივა არ ყოფილა, პროექტში მონაწილეობაზე უარს ამბობდა, თუმცა მოსწავლეებმა და კოლეგებმა მისი დათანხმება მაინც შეძლეს. ია ფუტკარაძემ, ციცინო გობაძემ და ანჟელა ბოლქვაძემ ლამარა მასწავლებელი დაარწმუნეს, რომ ის აუცილებლად მიაღწევდა წარმატებას, რაც სამომავლოდ, მათ სკოლის განვითარებას შეუწყობდა ხელს.

„ცივ უარზე ვიყავი, მაგრამ დამითანხმეს და დამარწმუნეს, რომ თუკი მონაწილეობას მივიღებდი, ჩვემთვისაც და ჩემი მოსწავლეებისთვისაც კარგი იქნებოდა შემდგომი პროექტების განხორციეებისათვის და მხოლოდ ამ მიზნით დავთანხმდი. ათეულში მოხვედრა ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ორმაგი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო. ასე მგონია, რომ უფლება აღარ მაქვს, იმ გზიდან გადავუხვიო, რომელმაც ათეულში მომიყვანა. კარგი ისაა, რომ ათეულში მარტო მე კი არა, ჩემი მოსწავლეები, მეგობრები და თანასოფლელები ერთად ვართ - ერთად ვახორციელებთ ყველა პროექტს. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ საქართველოში მე ვარ მასწავლებელი, რომელიც ათეულში უნდა იყოს. ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერი კონკურენტები იყვნენ, არ მიფიქრია, რომ ათეულში ვიქნებოდი, თუმცა ახლა ძალიან მიხარია. ვინც წარმადგინეს ეროვნულ ჯილდოზე, მარწმუნებდნენ, რომ აუცილებლად მოვხვდებოდი ათეულში და არ შეცდნენ. ეტყობა, ისინი უკეთ მიცნობენ, ვიდრე მე ჩემ თავს“ 


მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

5 სექტემბერს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ხუთეული გამოვლინდება, ხოლო 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, ერთ-ერთი მათგანი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები