კირაჩ მუღანლოეილ ქალი მამის მიერ დატოვებულ მიწას მეექვსე წელია ვერ ირეგისტრირებს

სოფელ კირაჩ მუღანლოში მცხოვრები 60 წლის რენა მამედოვა აცხადებს, რომ მამისაგან დარჩენილი უძრავი ქონების საბუთებთან დაკავშირებით პრობლემა აქვს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მამედოვა აცხადებს, რომ მამის დანატოვარ 1 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს უკვე მეექვსე წელია ვერ ირეგისტრირებს. მისი განმარტებით, 2 700 და 1 100 კვ.მ მიწის ნაკვეთები დაიკანონა, მაგრამ დარჩენილი 1 600 კვ.მ მისი საკუთრებაში ჯერ კიდევ არაა გადასული.

მამედოვას თქმით, მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალს ჯერ კიდევ მარნეულის მერობის პერიოდში მიმართა მიწის რეგისტრაციის პრობლემით. დარგალმა ის მიწის დაკანონების საკითხზე მომუშავე პირებთან ელშადთან და არიფთან გადაამისამართა.

რენა ამბობს, რომ ელშადს და არიფს 13-14 კირაჩ მუღანლოელის სახლი აქამდე არ დაურეგისტრირებიათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვს. მისი თქმით, ამ ადამიანების დახმარებას სამი წლის განმავლობაში ელოდა.

„მე განათლებული პირი ვარ, დღეს ჩემს საქმე მე თუ ვერ ვაკეთებ წარმოიდგინეთ ვისაც განათლება არ აქვს იმათ რას უშვებიან. არიფი და ელშადი მოვიდნენ, აქცია იყო, უფასო იყო. 200 ლარი მივეცი, სამი წლის განმავლობაში მატყუებდნენ, არ გააკეთეს საბუთები. მე მათ ვუთხარი პოლიციაში გიჩივლებთ მეთქი და მხოლოდ ამის შემდეგ დამიბრუნეს თანხის ნაწილი“.

საკითხის გასარკვევად შპს „იმერეთი“-ს თანამშრომელ ელშად ჯულფაევს დავუკავშრდით. მან რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 2017 წელს რენა მამედოვას კუთვნილ სახლში იმყოფებოდნენ და სახლის ეზო ჯიპიესით გადაიღეს. მისი თქმით, გადაღების დროს გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი მის სახელზე არ იყო დარეგისტრირებული. ჯულფაევი ამბობს, რომ მაშინ სახლისთვის ერთი დისკი მოამზადეს და ოფიციალურად რეესტრს მიმართეს განცხადებით.

„საჯარო რეესტრიდან პასუხი მოვიდა, რომ მიწის დარჩენილი ნაწილი აღიარების კომისიაში ლეგალზაციისთვის გაიგზავნა. იქაც აზომეს, რომ 690 კვადრატული მეტრია, ანუ ლეგალიზაცია შეიძლება. საჯარო რეესტრშიც ერთად მივედით. რეესტრში გვითხრეს, რომ ლეგალიზაცია უნდა მოხდეს. დათანხმდა და გავაგზავნეთ. ავუხსენით კიდევაც, რომ მხოლოდ კომისიაში უნდა წასულიყო და იქ მიემართა. როცა დრო მოვა ისინი მოვლენ და ნახავენ მიწას. მერე კვირაში ერთიორჯერ მოვიდა კითხებით, დღეს იქნება, ხვალ იქნებაო. მერე ჩვენთან მოვიდა რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ლეგალიზაციაო. როცა მოვიდა ავუხსენი, რომ ჩვენ ასეთი უფლება არ გვაქვს, ეს დანაშაულია. ჩვენ მხოლოდ დისკს, რუკას ვამზადებთ. მერე ისევ მოვიდა. აქ სკანდალი მოაწყო. ფული ჰქონდა გადახდილი და დავუბრუნეთ უკან. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ვალში დარჩა, იმიტომ, რომ 215 კვადრატულ მეტრი მიწის ნაკვეთი დავარეგისტრირებინეთ. დარჩენილ 690 კვ მეტრზე კი უარი არ მოსულა, საქმე კომისიაში დევს. კანონის ფარგლებში რაც არის საჭირო ჩვენ გავაკეთეთ. ზედმეტი არაფერი გაკვიკეთებია. მოქალაქეს რაც სჭირდებოდა ის გავაკეთეთ. ახლა მე რა მიჩივის არ ვიცი. ბოლოს რომ მოვიდა მერე თანხაც დავუბრუნეთ. 3-4 დღის მერე ისევ მოვიდა. თქვა, რომ კომისიაში შეპირდნენ რომ საბუთებს გააკეთებენ. როცა მოდიდოა სულ სკანდალს აწყობდა“ - აცხადებს ელშად ჯულფაევი

მამედოვა 17 ივნისს მარნეულის მერიაში მივიდა რათა გაერკვია მზად იყო თუ არა მისი საბუთები. ის მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძეს შეხვდა. ზაურ ტაბატაძემ მამედოვას საბუთები ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომელს თურალ ისმაილოვს გადასცა. ისმაილოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ახლა ის შვებულებაშა და არ ახსოვს აიღო თუ არა მამედოვას საბუთები.

„მოვედი, მერე საბუთები ჯოშგუნს მივეცი. ამ თვის 15-ში, იმ თვის 15-ში იქნებაო, მაგრამ არ გააკეთეს. 2 წელი ელშადი და არიფი, 3 წელი ახლა, 6 წელია მე საბუთს ვერ ვიღებ. ვის მივმართო? სად წავიდე? ამ ქვეყანას კანონი სად აქვს?“ - ამბობს რენა მამედოვა

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ თუ რენა მამედოვას მერიისთვის ოფიციალურად ჰქონდა მიმართული, მაშინ მას განცხადებაზე პასუხი კანონის შესაბამისად დადგენილ ვადაში გაეცემა. მერიაში განმარტავენ, რომ რადიო „მარნეულისათვი“ საქმის დეტალებზე ინფორმაციის მიწოდების უფლება არ აქვთ, რადგან მერიასა და კონკრეტულ პირს შორის ურთიერთობის მესამე მხარისთვის გაცნობა აკრძალულია.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები