მარნეულშ წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე დასაქმებულებს ხელფასს კვლავ არ უხდიან
დღეს, 20 ივლისს, კომპანია „აკელიკ გრუპის“ ოფისის წინ მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს.

20-მდე დასაქმებული კომპანიის ოფისთან კუთვნილი ანაზღაურების აღების მოთხოვნით შეიკირბა. როგორც აცხადებენ კომპანიამ მათ დაახლოებით 5 თვის ხელფასი არ გადაუხადა.

„იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ხელფასს არ გვაძლევენ. ორი თვეა გვატყუებენ, რომ მოგვცემენ. უკვე თვენახევარია გაჩერებულია სამუშაო და ხელფასს არ გვირიცხავენ. ეხლაც ამიტომ მოვედით აქ, მაგრამ არავინ არაა აქ რომ გამოვიდეს და რამე გვითხრას, რატომ და რა მიზეზით არ გვაძლევენ ხელფასს“ - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული

„აკელიკ გრუპმა“ რომელიც მარნეულშ წყალმომარაგება-წყალარინების სისტემას აწყობდა ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორთან „ტერა გრუპ“-თან გააფორმა. დასაქმებულებს ხელფასები ორივე კომპანიიდან აქვთ ასაღები. როგორც აცხადებენ მათ ნაწილს „აკელიკ გრუპისაგან“ სამი თვის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის ხელფასები აქვთ ასაღები, ხოლო „ტერა გრუპისაგან“ მაისისა და ივნისის.

„გვამუშავებინეს ტექნიკა და ფული არ გადაგვიხადეს. ორი თვეა გვატყუებენ, დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ იძახიან მაგრამ ფული არ ჩანს. უფროსებიც იმალებიან. მე ტრაქტორი მყავს და კომუნიკაციების გაყვანაზე ვმუშაობ. მე პირადად 11 200 ლარი მეკუთვნის, ამათი (აქციის სხვა მონაწილეების) მე არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 200-მდე თანამშრომელია ამ კომპანიაში. ფულის აღება გვინდა, ჩვენ რაც გვეკუთვნის ის მოგვცენ. მარტო არჩევნები ხოარაა რომ ავირჩიეთ ის დარგალია თუ რაა, მოვიდეს და დაგვიდგეს მხარში“ - აცხადებს კაკო სუხიტაშვილი

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიაში დასაქმებულები მარნეულის მერიასთან აქციების გამართვას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია აკელიკ გრუპის თანამშრომლები მარნეულის მერიის წინ აქციებს გასულ თვეებშიც, პერმამენტულად, ატარებდნენ. ისევე როგორც ახლა, მათი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა კომპანიის მიერ მათთვის გადაუხდელი შრომითი ანაზღაურების აღება იყო. 26 აპრილს, „აკელიკ გრუპის“ მიერ დასაქმებულებმა მარნეულის მერიის წინ კიდევ ერთი აქცია გამართეს. ამ აქციის მსვლელობისას თანამშრომლებს ხელფასების ნაწილი გადაუხადეს და დაჰპირდნენ, რომ სრულ ანაზღაურებას მალე მიიღებდნენ, მაგრამ პირობა აღარ შეუსრულებიათ.

კომპანიის თანამშრომლებს კიდევ ერთი აქცია მარნეულის მერიასთან 26 მარტს ჰქონდათ გამართული. მაშინ მათ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. აქციის გამართვის შემდგომ „აკელიკის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, რიმელსაც ზაურ დარგალიც ესწრებოდა. შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირობა მიიღეს, რომ ხელფასების ნაწილი რამაზანის თვის დაწყებამდე, ანუ 13 აპრილამდე ჩაერიცხებოდათ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 15 აპრილამდე მათ საბანკო ანგარიშებზე „აკელიკის“ მხრიდან ერთი თეთრიც კი არ დამჯდარა.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.

Print