როგორ წარმოაჩენს წინასაარჩევნო შეხვედრებს სოციალურ მედიაში „ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი
„ქართულმა ოცნებამ“ ქენან ომაროვი მარნეულის მერობის კანდიდატად, ოფიციალურად, 10 აგვისტოს დაასახელა. კანდიდატების დასახელების პროცესში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მათი პირველი დავალება და ამოცანა მაქსიმალური ყურადღება და ხალხთან კომუნიკაცია უნდა იყოს.

ომაროვმა წინასაარჩევნო შეხვედრები 19 აგვისტოდან დაიწყო. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მისი ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან ავიღეთ, ვინაიდან რადიო „მარნეულისათვის“ უცნობია თუ სად ატარებდა და ატარებს შეხვედრებს. მერობის კანდიდატი უარს ამბობს ჩვენთან ინტერვიუს ჩაწერზეც და გვთხოვს, რომ მას კითხვები წერილობით გავუგზავნოთ, შესაბამისად მათი პასუხიც ჩვენამდე მხოლოდ წერილობითად მოვა.

„მუნიციპალიტეტს სჭირდება სტრატეგიული განვითარების გეგმა და ყველა დაწყებული საქმის, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების სრულყოფილად დასრულება. ჩვენ მოსახლეობასთან ერთად უნდა დავგეგმოთ მარნეულის ხვალინდელი დღე!“ - ეს განცხადება ომაროვმა 19 აგვისტოს, მარნეულის ბიბლიოთეკის წინ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა

როგორც ომაროვის ფეისბუქ გვერდიდან ირკვევა, პირველი წინასაარჩევნო შეხვედრების დროს „ოცნების“ მერობის კანდიდატი მარნეულის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენდა. თითოეული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ მასალაში კი ვკითხულობთ, რომ მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე დამსწრებ მოქალაქეებთან ერთად ადგილობრივი თემის პრობლემები განიხილეს, იმსჯელეს საჭიორებებზე და დასახეს სამომავლო გეგმები. მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არაა მითითებული თუ რა ძირითადი პრობლემები წამოჭრეს მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატთან შეხვედრისას.

„ადგილობრივებმა ჩემთან საუბარში კმაყოფილება გამოთქვეს და მომავალში სოფელში გასაკეთებელ პროექტებზე ისაუბრეს. მე მათ შევპირდი, რომ მუნიციპალიტეტში ყველა მიმდინარე სამუშაო სრულყოფილად დასრულდება, მომავალში კი უფრო მასშტაბურ პროექტებს განვახორციელებთ“. - ეს განცხადება ომაროვმა 21 აგვისტოს სოფელ მარადისში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა

აღსანიშნავია, რომ ომაროვის მიერ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მასალები ხშირად უსვამენ ხაზს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც მარნეულში ბოლო წლებში განხორციელდა და ახლაც ხორციელდება.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ომაროვს, ამ ეტაპზე, ბოლო შეხვედრა ბისნეს სექტორის წარმომადგენლებთან ჰქონდა. ომაროვის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია 5 სექტემბრით თარიღდება. მას შემდეგ ომაროვს წინასაარჩევნო შეხვედრები აღარ ჩაუტარებია, რადიო „მარნეულთან“ კომუნიკაციას კი მხოლოდ წერილობითი ფორმატით ამჯობინებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები