მარნეულელი მეწარმეებისათვის ევროკავშირის მხარდაჭერის მექანიზმებზე გააცნეს
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნეს ასოციაციებისათვის ევროკავშირის მხარდაჭერის მექნაიზმებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებით მარნეულში სემინარი გაიმართა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კაჭარავამ განაცხადა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებს ზოგადი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, თუ რა მიმართულებით უნდა ჩაატარონ ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო კამპანია, იმ კონკრეტულ მექანიზმებს გააცნობენ რასაც ევროკავშირის მხარდაჭერა გულისხმობს.

„დღევანდელ სემინარზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა სურსათის უვნებლობის კუთხით, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და ასევე ინდუსტრიულ პროდუქტებზე, ყველა იმ პროდუქტზე რაც სურსათი არაა. ზოგადი ინფორმაციებიც მივაწოდეთ და კონკრეტულიც, თუ ესა თუ ის პროდუქტი სად უნდა გაიტესტოს, რომელ ლაბორატორიებში და ასევე თუ რა მხარდაჭერის მიმართულებები არსებობს ფერმერების ხელშეწყობისათვის“. - გვითხრა გიორგი კაჭარავამ

სემინარებისათვის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ სპეციალური გზამკვლევი სამ, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე შექმნა, რომელსაც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სემინარის ერთ-ერთმა მონაწილემ მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელმა ოლგა ენდელაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიხედვით საქართველოს კანონმდებლობაში ბევრი ცვლილებები შევიდა, მომავალში კი უფრო მეტი ცვლილების იმპლემენტაცია იგეგმება, ხოლო მარნეულელ მეწარმეებს არ აქვთ ინფომაცია ახალი რეგულაციების შესახებ.

„ჩვენს რეგიონში რეალური მეწარმეებისათვის ეს ინფორმაცია ნამდვილად არაა ხელმისაწვდომი. ვხედავ, რომ ბიზნესმენებისათვის, დიდი და მცირე მეწარმეებისათვის საჭიროა ამ ინფორმაციის მოპოვება ვინაიდან მათ სფეროსთან დაკავშირებით შესაბამის რეგულაციებსა და სავალდებულო მოთხოვნილებებსაც შეიცავს. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესები ჯერ ვერ აღიქვავენ რა რეგულაციები არსებობს და ამ თემაზე სიღრმისეული მუშაობაა საჭირო“ - განაცხადა ოლგა ენდელაძემ

სემინარი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით და ევროპის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნეს ასოციაციებისათვის ევოკავშირის მხარდაჭერის მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები